არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ სტუდია „მონიტორის“ ოფისის გაძარცვის ფაქტით შეშფოთებულია.
როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, „მონიტორი“ დამოუკიდებელი სტუდიაა, რომელიც სატელევიზიო ჟურნალისტურ გამოძიებებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამზადებს, ამდენად, მისი ოფისის ძარცვის ფაქტის დაუყონებლივ გამოძიება დამოუკიდებელი მედიის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.
„მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ძალისხმევა არ დაიშუროს აღნიშნული დანაშაულის გამოძიებისთვის. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში დანაშაულების დონე ძალიან დაბალია, ამჟამინდელი გარემო კი მეტად პოლიტიზირებული, შესაძლოა, მოცემული დანაშაული საგამოძიებო ჟურნალისტური საქმიანობის დროებით შეჩერებისა და ხელის შეშლის მიზანმიმართულ ქმედებად იყოს აღქმული“ - აღნიშნავს ორგანიზაცია.
22 ივლისს სტუდია „მონიტორი“ თანამშრომლებს გაქურდული დახვდათ. ოფისიდან წაღებულია ჟურნალისტების კუთვნილი ტექნიკის დიდი ნაწილი, მათ შორის, 2 ვიდეოკამერა, შტატივები, რამდენიმე ლეპტოპი და 2 სამონტაჟო კომპიუტერი.

















