ბაჰრეინის სამეფოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 4 ოქტომბრიდან საქართველოს
მოქალაქეებისათვის გამარტივებული სავიზო რეჟიმი შემოიღეს, რაც გულისხმობს საქართველოს მოქალაქეების ბაჰრეინში ელექტრონული ვიზით მოგზაურობას ან ბაჰრეინის ვიზის მიღების უფლებას საზღვარზე.
გადაწყვეტილებას მიმდინარე წლის 27 სექტემბერს ქ. ნიუ იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანისა და ბაჰრეინის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეიხ ალ ხალიფას ორმხრივი შეხვედრა და ხსენებულ თემაზე შეთანხმება უძღოდა წინ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მიმდინარეობებს მოლაპარაკებები დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეებისათვის ბაჰრეინთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმებაზეც.
საქართველოს მოქალაქეთათვის სავიზო რეჟიმის გამარტივება, ქვეყნებს შორის პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელოვან განვითარებას და ურთიერთთანამშრომლობის გააქტიურებას ტურიზმისა და ინოვაციების სექტორში ხელს შეუწყობს.

















