საქართველოს ვიცე–პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია საქართველოში ისრაელის
სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, შაბთაი ცურს შეხვდა.
მხარეებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ისრაელის სახელმწიფოს სამართალდამცავ ორგანოებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს, რომელიც საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე საპოლიციო არხებისა და ისრაელის სახელმწიფოს პოლიციისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ატაშეს მეშვეობით ეფექტურად ხორციელდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორამციით, გიორგი გახარიამ საქართველოსა და ისრაელს შორის უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და უკანონო მიგრაციის სფეროებში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებასთან დაკავშირებით სრული მზადყოფნა გამოთქვა.
მხარეებმა, ასევე, ისრაელში ორმხრივი სამუშაო ჯგუფის შეხვედრის გამართვის თაობაზე ისაუბრეს, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ისრაელის პოლიციის წარმომადგენლები მიიღებენ. შეხვედრაზე ორგანიზებულ დანაშაულთან, მათ შორის უკანონო მიგრაციასთან, ოფიციალური დოკუმენტების გაყალბებასთან და კიბერდანაშაულთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ.

















