საქართველოს “მწვანეთა პარტია“ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის მიზნით მიიღებს.
ამის შესახებ “ნიუსპრესს“ მწვანეთა პარტიის წევრმა პეტრე მამრაძემ განუცხადა.
მისი თქმით, მწვანეთა პარტიის გადაწყვეტილება, მონაწილება მიიღოს არჩევნებში, მხოლოდ ერთ მიზანს, ბიძინა ივანიშვილის და მისი კოალიციის მხარდაჭერას ემსახურება.
„მე აღვიდგინე ჩემი წევრობა “მწვანეთა პარტიაში“ შესაბამისად, პარტიას ჰყავს თავისი წარმომადგენელი პარლამენტში და შეუძლია უპრობლემოდ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. მე არ ვაპირებ კენჭისყრას პარლამენტში, მაგრამ ყველანაირად დავეხმარები “მწვანეთა პარტიას“ - განუცხადა „ნიუსპრესს“ მამრაძემ და აღნიშნა, რომ თავად იგი ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერია.
მამრაძის განმარტებით, საქართველოში უამრავი ოჯახია, რომელიც არჩევნებზე მხოლოდ იმ შემთხვევაში მივა თუ, საარჩევნო სიაში მწვანეთა პარტია იქნება.
მისივე თქმით, ეს აპოლიტიკური ელექტორატია და მათი პროცენტული მაჩვენებლი საკმაოდ მაღალია.
მამრაძის თქმით, აქედან გამომდინარე „მწვანეთა პარტია“ კოალიციის კონკურენტი არ იქნება და იმ შემთხვევაში თუ, პარტია პარლამენტში შევიდა და შექმნა ფრაქცია, ეს ფრაქცია ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი იქნება.
„მწვანეთა პარტია“ სხვა პოლიტიკურ ძალებთან თანამშრომლობას არ გეგმავს. მამრაძის თქმით, პარტია მხოლოდ კოალიციას უჭეერს მხარს და მასთან თანამშრომლობს.

















