ცესკო-ში რეგიონული მედიის ჟურნალისტებისთვის საარჩევნო საკითხებზე ტრენინგი
დაიწყო.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ტრენინგზე სწავლების მონაწილეებს ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია, თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე, ცესკოს სწავლების ცენტრის ხელმძღვანელი ნათია ზაალიშვილი და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ექსპერტი დავით ღონღაძე მიესალმნენ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსამსახურის ინფორმაციით, სწავლების ძირითადი თემები საარჩევნო პროცესში მედიის როლი და საარჩევნო კანონმდებლობის სიახლეების მიმოხილვაა.
„საარჩევნო ადმინისტრაცია სწავლების ცენტრთან და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან ერთად აგრძელებს ტრადიციას, და წელსაც რეგიონული მედიის ჟურნალისტებისთვის დაიწყო სამდღიანი სწავლების ციკლი, იმისთვის, რომ არჩევნების წინ ყველამ ერთად გავიაროთ და შევხედოთ რა სიახლეა კანონმდებლობაში, რა არის არჩევნები, როგორია მისი გაშუქების კარგი და საერთშორისო სტანდარტები და ა.შ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, მომდევნო სამი დღე იქნება ნაყოფიერი და ძალიან სასარგებლო ჟურნალისტებისთვის საპრეზიდენტო არჩევნების წინ“- აღნიშნა გიორგი შარაბიძემ.
ტრენინგებს ცესკო და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების საერათაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით, „საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციასა“ და „ჟურნალისტიკის რესურს ცენტრთან“ თანამშრომლობით ატარებს.

















