პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა, იურიდიულ საკითხთა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის,
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და რეგიონულიპოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში აღებული რეკომენდაციების შესრულების შესახებ“ შუალედური ანგარიში მოისმინეს, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ წარადგინა.
„დღევანდელი განხილვა ხორციელდება იმ ახალი პროცედურის შესაბამისად, რასაც საფუძვლად დაედო პარლამენტის რეგლამენტში განხორციელებული ცვლილება, რომელიც კიდევ უფრო მეტად ზრდის პარლამენტის ჩართულობას ანგარიშის მომზადების პროცესში“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
მომხსენებელმა უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მექანიზმის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. „ეს არის გაეროს ქოლგის ქვეშ მოქმედი უნიკალური, ყოვლისმომცველი საერთაშორისო მექანიზმი, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფოებში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობის შეფასებას და გაუმჯობესებას. აღნიშნული მექანიზმით ქვეყნებს ეძლევათ შესაძლებლობა საერთაშორისო დონეზე მოახდინონ ადამიანის უფლებათა მიღწევების დეკლარირება. იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრიორიტეტს, საქართველო მჭიდროდ და აქტიურად თანამშრომლობს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მექანიზმთან“, - განაცხადა ხათუნა თოთლაძემ.
მომხსენებლის განმარტებით, საქართველომ ადამიანის უფლებათა საბჭოს წინაშე შუალედური ანგარიშის ნებაყოფლობითი წარდგენის ვალდებულება 2015 წელს აიღო. საბოლოო ანგარიშის წარდგენის ვადად კი განსაზღვრულია 2020 წლის ნოემბერი. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, წარმოდგენილ ანგარიშში ასახულია მეორე ციკლის ფარგლებში მიღებული რეკომენდაციების შესრულების შუალედური მდგომარეობა. „საქართველომ მეორე ციკლის ფარგლებში მიიღო 203 რეკომენდაცია რომელთაგან 191 რეკომენდაციის შესრულებას დათანხმდა. „იმ რეკომენდაციების ნაწილი, რომელიც ქვეყანამ არ გაიზიარა გამოთქმული იყო რუსეთის ფედერაციის მხრიდან“, - განაცხადა ხათუნა თოთლაძემ. მისი თქმით, რეკომენდაციები ძირითადად შეეხება ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან სფეროს, მათ შორის ეს ეხება განათლებას, ჯანდაცვას, ეკონომიკას, კულტურას, სოციალურ დაცვას. ანგარიში მოიცავს 2015-2018 წლებში მიღებული რეკომენდაციების შესასრულებლად საქართველოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას. „ანგარიშის პროექტი მომზადებულია ყველა შესაბამისი უწყების ჩართულობით, სადაც ასევე, ასახულია არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციები. მზად ვართ დოკუმენტში ასევე, ავსახოთ პარლამენტის შენიშვნები და რეკომენდაციები. მხოლოდ ამის შემდეგ მოგვეცემა შესაძლებლობა საბოლოო, შუალედური ანგარიში წარვადგინოთ ადამიანის უფლებათა საბჭოს წინაშე“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
წარმოდგენილი შუალედური ანგარიში მოიცავს ინფორმაციას საქართველოს მიერ გატარებულ ღონისძიებებზე იმ რეკომენდაციებთან დაკავშირებით, რომლებიც გაწეული იქნა საქართველოსთვის.
ხათუნა თოთლაძემ საგარეო საქმეთა სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში რეკომენდაციების განხორციელების მიმდინარეობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით რეკომენდაციები იყო გამოთქმული ადამიანის უფლებათა სფეროში გარკვეული საერთაშორისო ხელშეკრულებების სავალდებულოდ აღიარების კონტექსტში.
მისი განცხადებით, ამ ხელშეკრულებებიდან ძირითადი იყო:
• ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა საერთაშორისო პაქტის ფაკულტატური ოქმი
• კომუნიკაციების პროცედურის შესახებ ბავშვის უფლებათა კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება;
• შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენციის ფაკულტატური ოქმი;
• იძულებით გაუჩინარებისაგან პირთა დაცვის შესახებ კონვენცია;
• „შრომითი მიგრანტებისა და მათი ოჯახის წევრების უფლებათა დაცვის შესახებ“ კონვენცია;
• ევროპის საბჭოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კონვენცია
• თანამშრომლობის გაღრმავება ადამიანის უფლებათა საბჭოსთან და მის მექანიზმებთან, კონსტრუქციული თანამშრომლობა ადამიანის უფლებების უნივერსალურ მექანიზმებთან და დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასთან;
• საერთაშორისო საზოგადოებასთან თანამშრომლობის გაგრძელება და გაძლიერება , რათა უზრუნველყოფილი იყოს აფხაზეთში, საქართველო, და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში, საქართველო, ადამიანის უფლებების საერთაშორისო მექანიზმებისა და ჰუმანიტარული ორგანიზაციებისა და საზედამხედველო მექანიზმების წვდომა; საქართველომ მოახდინოს რეაგირება, მონიტორინგი და ანგარიშგება იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებრივ მდგომარეობაზე;
მომხსენებლის, ხათუნა თოთლაძის განცხადებით, 2020 წლამდე, ანგარიშის საბოლოო წარდგენისთვის, საქართველოს ეს რეკომენდაციები შესრულებული ექნება.
მისივე განმარტებით, საქართველომ მხარი დაუჭირა რეკომენდაციებს, რომელიც შეეხებოდა ადამიანის უფლებათა საბჭოსთან და მის მექანიზმებთან თანამშრომლობის გაღრმავებას და კონსტრუქციული დიალოგის განვითარებას სამოქალაქო საზოგადოებასთან. მისივე ინფორმაციით, საქართველოს ინიცირებით, საბჭოს 34-ე და 37- ე სესიების ფარგლებში მიღებული იქნა რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“, რომელიც მიესალმება საქართველოს თანამშრომლობას ადამიანის უფლებათა საბჭოს უმაღლესი კომისრის ოფისთან და შესაბამის მექანიზმებთან.
„აღსანიშნავია რომ საქართველომ მხარი დაუჭირა ყველა იმ რეკომენდაციას, რომელიც შეეხებოდა თანამშრომლობის გაგრძელებას და გაძლიერებას საერთაშორისო საზოგადოებასთან, რათა უზრუნველყოფილი იქნას აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში, ადამიანის უფლებების საერთაშორისო მექანიზმებისა და ჰუმანიტარული ორგანიზაციებისა და საზედამხედველო მექანიზმების წვდომა; საქართველომ მოახდინოს რეაგირება, მონიტორინგი და ანგარიშგება იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებრივ მდგომარეობაზე. საქართველო პერმანენტულად აყენებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ რთულ მდგომარეობის შესახებ საკითხს სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატებში. განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ სიცოცხლის უკანონოდ ხელყოფის ფაქტებზე, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვაზე, უკანონო დაკავებებსა და გატაცებებზე, საკუთრების უფლების შელახვაზე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების უფლების უგულებელყოფაზე, ეთნიკური დისკრიმინაციის გააქტიურებასა და ოკუპირებულ რეგიონებში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვაზე“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. მისი განმარტებით, ყველა შეხვედრასა და საჯარო გამოსვლაში, ორმხრივ თუ მრავალმხრივ საერთაშორისო ფორმატებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელძღვანელობის მხრიდან პერმანენტულად ესმება ხაზი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მიმართულებით არსებულ მძიმე მდგომარეობას, რუსეთის პასუხისმგებლობასა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მექანიზმებისა და ჰუმანიტარული ორგანიზაციების წვდომის აუცილებლობას. მისივე განცხადებით, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისას ორივე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განხილვის ერთ-ერთ მთავარ თემას წარმოადგენს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული რთული ვითარება, ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევა და ეთნიკური ქართველების დისკრიმინაცია.
მომხსენებლის ინფორმაციით, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეღწევის არარსებობა ლეგიტიმურ კითხვებს ბადებს იქ მცხოვრები ადამიანების უფლებების დაცვასთან დაკავშირებით.
გაერთიანებულ სხდომაზე კომიტეტების წარმომადგენლებმა, შუალედურ ანგარიშში ასახვის მიზნით, საკუთარი შენიშვნები და რეკომენდაციები წარადგინეს.
„მისასალმებელია მსგავსი ანგარიშების პარლამენტში წარდგენა. დარწმუნებული ვარ მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდება ეს პრაქტიკა. ასევე, მისასალმებელია საერთაშორისო მექანიზმების დაშვებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის აქტიური თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ნებისმიერი ვიზიტისას თუ ორმხრივი შეხვედრისას, მთავარი საკითხი არის ოკუპირებული ტერიტორიები და ამ ტერიტორიებზე საერთაშორისო ორგანიზაციების დაშვება. ამ მიმართულებით ბევრი კეთდება ყველა უწყების მხრიდან, რადგან ეს არის ჩვენი ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია ამ პროცესში გამოიკვეთოს პარლამენტის როლი და საპარლამენტო დიპლომატია“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ.
„მნიშვნელოვანია, სწორად დაიგეგმოს ანგარიშების წარდგენა პარლამენტში საკონტროლო ფუნქციის თვალსაზრისით, რომელიც თავისი სტანდარტით და მნიშვნელობით ახალია საკანონმდებლო ორგანოსთვის. ასევე, მნიშვნელოვანია მოხდეს მაქსიმალური ჩართულობა და ყველა უწყების კოორდინაცია იმისთვის, რომ ჩვენი ანგარიშები დროულად, ზუსტად და იმ ვალდებულებების შესრულების დაცვით წარიმართოს, რაც ცხადყოფს, რომ საქართველო დაკისრებულ ვალდებულებებს კარგად ასრულებს. ამ მიმართულები ჩვენ მაღალ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ პროცესს“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ.

















