პარლამენტის წევრის, გიორგი ბეგაძის განცხადებით, დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ტაქსების
რეგულაციასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება საზოგადოების მხრიდან ფართო მხარდაჭერას იმსახურებს.
მისივე თქმით, ტაქსების რეგულაცია ტაქსის ბაზარს მნიშვნელოვნად განავითარებს და მომხმარებელიც გაცილებით მაღალი ხარისხის მომსახურებას მიიღებს.
“ჩვენს დედაქალაქს ერთი მხრივ აუცილებლად სჭირდება ყველა სფეროში მომსახურეობის ხარისხის გაუმჯობესება, მეორე მხრივ, ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რაც დაეხმარება შესაბამის სფეროში მეწარმეებს და დასაქმებულებს თავიანთი საქმიანობის უკეთ განხორციელებაში.
ასეთ გზებს ეძებს და სწორ გადაწყვეტილებებს იღებს დედაქალაქის მერი, კახი კალაძე.
ამ რეფორმების განხორციელბაში დედაქალაქის მერი საზოგადოების ფართო მხარდაჭერას იმსახურებს.
ამჯერად მხედველობაში მაქვს ტაქსების რეფორმის კიდევ ერთი ახალი ინიციატივა, რომელიც ტაქსების ჰიგიენური მდგომარეობის მოწესრიგებას ეხება. მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ ტაქსებში მეტი სისუფთავის უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი კრიტერიუმების მქონე ტაქსებს ავტომანქანის სალონის ქიმიური წმენდის ვაუჩერები გადაეცემათ. აღსანიშნავია, რომ ტაქსის მფლობელებს არ მოუწევთ არც ერთი ლარის გადახდა და არც ქალაქის ბიუჯეტიდან დაიხარჯება ფინანსები.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკურად აქტიურ ზონებში ტაქსებისთვის უკვე შერჩეულია ლოკაციები, რომლითაც მხოლოდ ტაქსის მძღოლები ისარგებლებენ და რაც მთავარია უფასოდ.
ასეთი მიდგომებით ტაქსის ბაზრის განვითარებას მნიშვნელოვნად შეეწყობა ხელი და მომხმარებელიც გაცილებით მაღალი ხარისხის მომსახურებას მიიღებს. გადადგმული ნაბიჯები არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენი დედაქალაქისთვის და ჩვენი მოსახლეობის ინტერესებზეა მორგებული“ - განაცხადა გიორგი ბეგაძემ.

















