ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში, სასტუმრო „ბორობუდურში“, საქართველოს პირველი დემოკრატიული
რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება და ფოტოგამოფენა გაიმართა.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ირაკლი ასაშვილმა მიმართა, რომელმაც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების ისტორიაზე ისაუბრა, ასევე, მიმოიხილა თანამედროვე საქართველოში არსებული ვითარება, ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში გატარებულ დემოკრატიულ და ეკონომიკურ რეფორმებზე.
ელჩმა ასევე ისაუბრა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე.
ღონისძიების ფარგლებში, სასტუმრო „ბორობუდური“ საქართველოს დროშის ფერებში განათდა.
ღონისძიებას ინდონეზიის ხელისუფლების, ჯაკარტაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, კულტურის, ბიზნეს წრეების, მედიის და ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

















