კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები ხელისუფლებას სარეზერვო ფონდიდან თანხის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებენ და მას ამ პროცესის გამჭვირვალობისკენ მოუწოდებენ.
ამ მოთხოვნით კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდა აქტივისტებმა პარლამენტის წინ მდუმარე აქცია გამართეს.
როგორც ახალაგზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა ცოტნე ზურაბიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს სარეზერვო ფონდის ყულაბა ცარიელია, რაც, მისივე თქმით, ხელისუფლების გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგია.
„გაუგებარია სად დაიხარჯა სარეზერვო ფონდისთვის გამოყოფილი ასი მილიონი ლარი. ეს თანხა ფორსმაჟორული სიტუაციებისთვის უნდა იყოს განკუთვნილი. დღეს ეს თანხები სტიქიისგან დაზარალებულ კახეთის რეგიონს სჭირდება, თუმცა, მისი არამიზნობრივი ხარჯვის გამო, ფონდი ცარიელია“ - განაცხადა ზურაბიანმა.
მისივე თქმით, ქვეყანას აუცილებლად უნდა ჰქონდეს სარეზერვო ფონდი, რომელიც ოქტომბერში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, აუცილებლად გამჭვირვალე იქნება.
ზურაბიანის თქმით, „ქართული ოცნება“ ჰპირდება ხალხს, რომ ხელისუფლების გაუაზრებელი პოლიტიკა გააზრებულით შეიცვლება.

















