ვაშინგტონში დღეს საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის თავდაცვისა და
უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართება.
მხარეები საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს, ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების კუთხით ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს განიხილავენ, ასევე უსაფრთხოების მხრივ რეგიონში შექმნილ მდგომარეობასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე იმსჯელებენ. ასევე ტრანსნაციონალური საფრთხეების წინააღმდეგ თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს შეეხება საუბარი.
შეხვედრას საქართველოს მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი და თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი უხელმძღვანელებენ. სამუშაო ჯგუფში ქართული მხრიდან აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
აშშ-ს მხრიდან შეხვედრის თანათავმჯდომარეები პოლიტიკურ და სამხედრო საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოქმედი მოადგილე, კევინ ოკიფი და თავდაცვის მდივნის ოფისის ბალკანეთის, კავკასიისა და შავი ზღვის საქმეთა დირექტორი, ტიფანი პეტროსი იქნებიან.

















