„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ ორგანიზაციის გრძელვადიან დამკვირვებელზე ლანჩხუთის გამგებლისა და კულტურის ცენტრის იურისტის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს და უწყებათაშორისი კომისიისგან ფაქტის შესწავლას მოითხოვს.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ლანჩხუთის გამგებელი გია გოგუაძე ზეწოლას ახორციელებს, ხოლო კულტურის ცენტრის იურისტი ზაირა გურგენიძე მოითხოვს სამსახურიდან გაათავისუფლონ „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანი დამკვირვებელი ნანა სანიკიძე, რომელიც ამავდროულად მუშაობს ლანჩხუთის კულტურის ცენტრის დაქვემდებარებაში არსებულ ვ. სულაძის სახელობის სახელმწიფო მუზეუმში.
კერძოდ, „სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, ნანა სანიკიძე აზუსტებდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პედაგოგები კონკრეტული პარტიის მხარდამჭერთა პირად მონაცემებს აგროვებდნენ.
გარდა ამისა, სანიკიძის მუზეუმიდან გათავისუფლების მოთხოვნის საფუძვლად იურისტი საჯარო მოსამსახურისთვის არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის შეუთავსებლობას ასახელებს.
„გამგებლისა და საჯარო სამსახურის სხვა მოხელეების მხრიდან მსგავსი სახის კომუნიკაცია წარმოადგენს არამარტო სადამკვირვებლო ორგანიზაციის საქმიანობაში უხეშ ჩარევასა და ზეწოლას, არამედ, უკანონო ქმედებას“ - აცხადებენ „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლები.

















