ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა ფინეთის პარლამენტის მეგობრობის ჯგუფის
ხელმძღვანელს და დიდი კომიტეტის თავმჯდომარეს, არტო სატონენს და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს შეხვდა.
მხარეებმა ევროკავშირსა და საქართველოში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებზე ისაუბრეს. სტუმრებმა აღნიშნეს, რომ 2019 წლის შემოდგომიდან ფინეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება და ქვეყნის პარლამენტში აქტიური მუშაობა მიმდინარეობს თავმჯდომარეობის პერიოდის დღის წესრიგში მდგარი მნიშვნელოვანი საკითხების მოსამზადებლად.
კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა საქართველოსთვის ასოცირების, აგრეთვე ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობაზე და მის განხორციელების პროცესში მიღწეულ ხელშესახებ შედეგებზე. მან ხაზი გაუსვა ქვეყანაში უსაფრთხო და სტაბილური გარემოს არსებობის მნიშვნელობას, აღნიშნა საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობის გამოწვევები და შესაძლებლობები, ისაუბრა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციაზე და საქართველოს მხრიდან კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მზადყოფნაზე. კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ხელისუფლების სურვილზე, საქართველოში არსებული მიღწევებით ისარგებლონ ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებმა მოსახლეობამაც.
თამარ ხულორდავამ ისაუბრა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის როლზე ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში და ყურადღება გაამახვილა დარგობრივ კომიტეტებთან ერთად განხორციელებულ საზედამხედველო საქმიანობაზე.
კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ქვეყანაში განათლების სისტემის გაძლიერების მნიშვნელობას და პარალელი გაავლო ევროკავშირში არსებულ განათლების სისტემასთან.
მხარეებმა, აგრეთვე, ისაუბრეს გარემოს დაცვის საკითხებსა და გარემოს დაცვის სფეროს გაძლიერების მნიშვნელობაზე. კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა ამ მიმართულებით საქართველოში მიმდინარე პროცესები როგორც საკანონმდებლო ბაზის, აგრეთვე ინფრასტრუქტურის შექმნის მხრივ და ხაზი გაუსვა გარემოს დაცვის სფეროში ინვესტიციების აუცილებლობასა და ევროკავშირიდან ფინანსური დახმარების მნიშვნელობას.
შეხვედრაზე ისაუბრეს აღმოსავლეთ პარტნიორობის შესახებ, აღნიშნეს პარტნიორობის გაცხადებული მიზანი შექმნილიყო სტაბილური და წარმატებული რეგიონი.
თამარ ხულორდავამ აღნიშნა საქართველოს მოსახლეობის დადებითი და იმედიანი განწყობა ევროკავშირის მიმართ და ხაზი გაუსვა ქვეყნის მზაობას, პარტნიორთა მხარდაჭერის შემთხვევაში გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი.

















