ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს (HRC) 39-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებულ
რეგიონებთან დაკავშირებითგაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ანგარიშის განხილვა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ.
ადამიანის უფლებათა საბჭოზე გამოსვლისას მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებულ მძიმე ვითარებაზე ობიექტური და სამართლიანი რეაგირებისთვის. ხათუნა თოთლაძემ უმაღლეს კომისარს დაუდასტურა ქართული მხარის მზადყოფნა მჭიდრო თანამშრომლობისთვის.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გაერო-ს წევრ-სახელმწიფოებს გააცნო უკანასკნელ პერიოდში ოკუპირებულ რეგიონებში განვითარებული მოვლენები, მათ შორის, ისაუბრა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვაზე, ორივე ოკუპირებულ რეგიონში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვაზე, თავისუფალი გადაადგილების დამატებით შეზღუდვებსა და ადამიანის უფლებათა სხვა უხეშ დარღვევებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტს. აღინიშნა, რომ ტატუნაშვილის სასტიკი მკვლელობა, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის საქმეებთან ერთად, ხაზს უსვამს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ საგანგაშო ვითარებას.
აღნიშნულ კონტექსტში, ხათუნა თოთლაძემ ხაზი გაუსვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდოგმარეობის მონიტორინგისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, უპირველესად, გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისა აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას. აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ანგარიში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით მომზადებულ იქნა 2018 წლის 23 მარტს HRC-ის მიერ მიღებული რეზოლუციის - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ შესაბამისად. ანგარიში დეტალურად მიმოიხილავს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ ვითარებას.
სამწუხაროდ, მიუხედავად მცდელობისა, გაერო-ს უმაღლესი კომისრის წარმომადგენლებს, გასული წლის მსგავსად, კვლავაც არ მიეცათ ოკუპირებულ რეგიონებში შესვლის შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, უმაღლესი კომისრის ოფისი მოუწოდებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას, დაუშვას უმაღლესი კომისრისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმები აღნიშნულ ტერიტორიებზე.
უმაღლესი კომისრის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების საოკუპაციო ძალას ეკისრება პასუხისმგებლობა, დაიცვას ამ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები.
დოკუმენტში ცალსახად არის აღნიშნული, რომ ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა ოკუპირებულ რეგიონებში რეგულარულად ხდება სხვადასხვა სახის დისკრიმინაციის მსხვერპლი. სხვა დარღვევებთან ერთად, ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვასა და მის უარყოფით შედეგებს განათლების, ჯანდაცვისა და საკუთრების უფლებების დაცვაზე.
სხდომაზე უმაღლესი კომისრის ანგარიშს გამოეხმაურა და საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გააკეთეს ევროკავშირის, იაპონიის, გერმანიის, უნგრეთის, უკრაინის, ისლანდიის, ესტონეთის, ლიტვის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, ფინეთის, შვედეთის, ლიტვის, მონტენეგროს, რუმინეთის, პოლონეთის, ნორვეგიის, მოლდოვის და ბულგარეთის დელეგაციებმა.
მხარდამჭერ განცხადებებში დელეგაციები მიესალმნენ საქართველოს თანამშრომლობას ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისთან და ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით მიღწეულ პროგრესს, შეშფოთება გამოხატეს საქართველოს რეგიონებში აფხაზეთსა და ცხინვალში ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე, ხაზგასმით აღნიშნეს ხსენებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმებისათვის შესვლის საჭიროებისა და მონიტორინგის განხორციელების აუცილებლობაზე, გამოხატეს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.
ლიტვამ აღნიშნა, რომ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები იმყოფება რუსეთის ფედერაციის უკანონო სამხედრო კონტროლის ქვეშ და მოუწოდა რუსეთს და დე ფაქტო წარმომადგენლებს მისცენ დაუბრკოლებელი წვდომა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმებს.
შვედეთმა მოუწოდა რუსეთის ფედერაციას 2008 წლის აგვისტოს ომის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისკენ, აღნიშნული რეგიონებიდან სამხედრო შენაერთების გაყვანისა და საერთაშორისო მონიტორების დაშვებისაკენ.
უკრაინამ აღნიშნა, რომ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, რომელიც ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ჰუმანიტარული მდგომარეობა არის მძიმე და ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნულზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება რუსეთს.
ესტონეთმა აღნიშნა, რომ 10 წელი გავიდა რუსეთის მასშტაბური სამხედრო შეჭრიდან საქართველოში. ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს, მათ შორის გაეროს წესდებას, ჰელსინკის დასკვნით აქტსა და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხელყოფით.
ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ მარტში მიღებული რეზოლუცია და ადამიანის უფლებათა კომისრის მიერ მომზადებული ანგარიშები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებული ვითარება კვლავაც რჩება საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის გაერო-ს ადამიანის უფლებებზე პასუხისმგებელი უმთავრესი ორგანოს დღის წესრიგში.

















