საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ გაერო-ს ადამიანის უფლებათა
საბჭოს 39-ე სესიაში მონაწილეობის მიღების მიზნით, ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეობა პარალელურ ღონისძიებაში - "Denial of Access" მიიღო.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს მისიის ორგანიზებითა და ავსტრალიის, კანადის, დიდი ბრიტანეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიტვის, პერუს და ფინეთის თანასპონსორობით გამართულ ღონისძიებაზე მოხსენებით საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ხათუნა თოთლაძე, ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მოადგილე ქეით გილმორი, გაერთიანებული სამეფოს, კანადისა და ლიტვის მუდმივი წარმომადგენლები წარსდგნენ.
პანელის ფოკუსს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმებისათვისა და ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისათვის სახელმწიფოებში, რეგიონებსა თუ ტერიტორიებზე წვდომის შეზღუდვის საკითხი წარმოადგენდა და აღნიშნულის შედეგად ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისათვის მანდატის განხორციელების შესაძლებლობის ჩამორთმევა.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისს შორის წარმატებულ თანამშრომლობაზე, საქართველოს რეგიონებში აფხაზეთსა და ცხინვალში/სამხრეთ ოსეთში საოკუპაციო ძალის მიერ საერთაშორისო მონიტორების არშეშვებაზე და აღნიშნულით გამოწვეულ შედეგებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა გაუარესებულ მდგომარეობაზე, ადამიანის უფლებათა საბჭოს ფარგლებში, საქართველოს ინიციატივის - რეზოლუცია ,,თანამშრომლობა საქართველოსთან" ინსტრუმენტალურ როლზე. მან ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია გაგრძელდეს საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან ოკუპირებულ რეგიონებში წვდომის მოთხოვნა და რუსეთის ოკუპაციის შედეგად გაუარესებულ ადამიანის უფლებათა მდგომარეობაზე შესაბამისი რეგირება.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სხვადასხვა ქვეყნების დელეგაციები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
აღნიშნულის პარალელურად, საგარეო საქმეთა მინისტრის, ხათუნა თოთლაძისა და საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის, ვიქტორ დოლიძის მასპინძლობით, გაიმართა სამუშაო ვახშამი ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის, კანადის, პერუს, ავღანეთის მუდმივი წარმომადგენლებისა და მექსიკის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილის მონაწილეობით. სამუშაო ვახშმის ფარგლებში დისკუსია გაიმართა ადამიანის უფლებათა საბჭოს ფარგლებში თანამშრომლობის საკითხზე.

















