2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში,
ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, საქართველოს საელჩოში რუსული აგრესიის ამსახველი ფოტო-გამოფენა გაიმართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, დავით სოლომონაიამ სიტყვით მიმართა.
საქართველოს ელჩმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრა. დავით სოლომონიამ, ასევე, ყურადღება საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაზე გაამახვილა, რომელიც ომით დაშორიშორებული საზოგადოებების შერიგებისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენაა მიმართული. ამასთან, მან ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
ღონისძიებას ბრაზილიის მასმედიის, სამოქალაქო სექტორისა და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

















