ბათუმის მერიამ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ 5 აგვისტოს ევროპის მოედანზე აქციის გამართვაზე უარი უთხრა.
ამის შესახებ კოალიცია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ბათუმის მერიამ უარი კოალიციას იმ მოტივით უთხრა, რომ ტურისტული სეზონის გამო, ბათუმის ყველა ცენტრალური მოედანი და პარკი პირველიდან 31 აგვისტოს ჩათვლით დაკავებულია.
ბათუმის მერიამ „ქართულ ოცნებას“ ქალაქის გარეუბანში მდებარე ანგისის სტადიონი შესთავაზა, რაც კოალიციისთვის მიუღებელია.
„ეს პასუხი კანონიერი იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კოალიციის მიმართვამდე ბათუმის მერიას ევროპის მოედანზე უკვე დაგეგმილი ექნებოდა 5 აგვისტოს კონკრეტული ღონისძიება. ასეთი ღონისძიების თაობაზე კოალიციისთვის მოწერილ წერილში არაფერია ნათქვამი“- აცხადებენ „ქართულ ოცნებაში“.
კოალიცია „ქართული ოცნება“ ბათუმის მერიის პასუხს პოლიტიკური საქმიანობისთვის ხელშეშლის მცდელობად განიხილავს.
ხვალ 10:00 საათზე კოალიციის წარმომადგენლები ბათუმის მერიის უფლებამოსილ პირს ლუკა ასათიანს შეხვდებიან და ბათუმის ცენტრში აქციის გამართვისთვის ადგილის გამოყოფას კიდევ ერთხელ მოითხოვენ.

















