დანიაში, საქართველოს საელჩოში, რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით, ფოტო
გამოფენა სახელწოდებით "რუსული ოკუპაციის 10 წელი" გაიმართა. ექსპოზიციაზე რუსული აგრესიის და ოკუპაციის ამსახველი ნამუშევრები იქნა წარმოდგენილი.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გიგი გიგიაძემ ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა. ელჩმა, სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტოიებზე არსებულ მდგომარეობაზე და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ მძიმე ვითარებაზე გაამახვილა ყურადღება. გიგი გიგიაძემ დამსწრე საზოგადოებას საქართველოს მთავრობის ახალი სამშვიდობო ინიციატივის შესახებ - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“ინფორმაცია მიაწოდა, რომელიც მიმართულია იქითკენ, რომ რეგიონში გამყარდეს სტაბილურობა და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები რაც შეიძლება ფართოდ ჩაერთონ იმ პოზიტიურ ინიციატივებში და სიკეთეებში, რომელსაც საქართველო მიიღებს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.
გამოფენას კოპენჰაგენში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები, დანიისა და შვედეთის აკადემიური წრეების და ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

















