პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ განცხადებით, ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშენალი“ შეშფოთებულია იმ ფაქტით,
რომ ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს ოპოზიციის მხარდამჭერთა და ჟურნალისტთა დაცვას პოლიტიკური ძალადობისგან.
როგორც კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს ყველა მოქალაქის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა და კუთვნილებისა, ამავე დროს, სამართალში მისცეს ბოლოდროინდელი ძალადობის ფაქტებში პასუხისმგებელი პირები, რასაც წინ მათი მიუკერძოებელი და ეფექტური გამოძიება უნდა უძღვოდეს.
კოალიცია აცხადებს, რომ ბოლო კვირეების განმავლობაში ადგილი ჰქონდა „ქართული ოცნების“ მიერ გამართული საჯარო აქციების ფიზიკური დაპირისპირების მიზეზით ჩაშლას.
ოპოზიციის ლიდერების თქმით, ამ ინციდენტებში ადგილობრივი გამგეობების თანამშრომლები და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირები მონაწილოებდნენ, ხოლო თავად ინციდენტები ხელისუფლების მიერ იყო დაგეგმილი.
კოალიციის განცხადებით, გახშირდა ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყოფილი ჟურნალისტების მიმართ ძალადობის, მათ საქმიანობაში ხელის შეშლისა და ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტები, რომელთა შესახებ „ამნესტი ინტერნეიშენალის“ წარმომადგენლებს უკვე ეცნობათ.

















