გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით
ზალკალიანმა ცენტრალური ამერიკის ინტეგრაციის სისტემის (SICA) გენერალურ მდივანთან, ვინისიო სერესო ანევალოსთან შეხვედრა გამართა .
მხარეებმა დაინტერესება გამოხატეს, განავითარონ თანამშრომლობა და ამისათვის საჭირო სამართლებრივი პროცედურების დროულ დასრულებას შეუწყონ ხელი.
როგორც ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, SICA -სთვის კარგად არის ცნობილი საქართველოს წარმატებები და ორგანიზაცია საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობითაა დაინტერესებული. აღინიშნა, რომ ორგანიზაციის მიზნები და პრიორიტეტები (დემოკრატიული განვითარება, უსაფრთხოება, სოციალური ინტეგრაცია და ა.შ.) საქართველოს ამოცანებთან და უკვე განხორციელებულ რეფორმებთან თანხვედრაშია. მათ შორის, გამოიხატა მზადყოფნა ორგანიზაციამ და მისმა წევრმა ქვეყნებმა გაიზიარონ საქართველოს წარმატებული გამოცდილება ისეთ სფეროებში, როგორიც არის სახელმწიფო ინსტიტუციების რეფორმა, სახელმწიფო სერვისების გაუმჯობესება, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ელექტრონული მმართველობა და სხვა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე, ასევე საუბარი ცენტრალური ამერიკის ქვეყნებთან საქართველოს თანამშრომლობას შეეხო. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საკუთარი სურვილი განავითაროს ურთიერთობები და მრავალმხრივი დიალოგი რეგიონის ქვეყნებთან, რისი დასტურიც არის ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების ნაწილთან არსებული უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. მინისტრმა SICA-ს გენერალურ მდივანს საქართველოს საგარეო-პოლიტიკური დღის წესრიგი და მიღწეული წარმატებები გააცნო. ყურადღება გამახვილდა საქართველოს, როგორც სავაჭრო-სატრანზიტო და ენერგეტიკული ჰაბის რეგიონალურ მნიშვნელობაზე, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის კარგ პრაქტიკაზე და ამ მხრივ არსებულ დამატებით შესაძლებლობებზე.
საქართველო SICA-ს მეგობართა ჯგუფის წევრია.

















