ლევან ბეჟაშვილის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, ჯერ უცნობია ვინ გახდება გენერალური აუდიტორი.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ თანამდებობას სახელმწიფო აუდიტის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი ნათია მოგელაძე დაიკავებს, თუმცა, ამაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრესსამსახურში არაფერს ამბობენ.
როგორც უწყების პრესსამსახურში განაცხადეს, უცნობია ვინ გახდება გენერალური აუდიტორი, სამსახური ამ საკითხის გარკვევის შემდეგ ოფიციალურ განცხადებას გაავრცელებს.
გენერალურმა აუდიტორმა ლევან ბეჟაშვილმა თანამდებობა დღეს დატოვა. განცხადება ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.
ბეჟაშვილის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი სტიქიის შედეგად დაზარალებული კახეთის რეგიონის დახმარების სურვილია, რაც მის თანამდებობასთან შეუთავსებელი იყო.
„დღეს მიმაჩნია, რომ ჩემი შინაგანი ვალდებულებაა, გვერდით დავუდგე და დავეხმარო ჩემს კახელებს სტიქიის შედეგად მიღებული ზარალის დაძლევაში და ხელშესახები დახმარება აღმოვუჩინო მათ, თუმცა, ეს შეუთავსებელია ჩემს თანამდებობასთან, ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო იგი და ჩემი მომავალი საქმიანობა დავუკავშირო ხალხზე ზრუნვას“- განაცხადა მან.
გავრცელებული ინფორმაციით, ბეჟაშვილს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კახეთის რომელიმე რაოინში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგენს.

















