პარტია „თავისუფალი საქართველო" მეტროსადგურ „სამგორში“ ფრიდონ ჯანჯღავას მიერ თვითმკვლელობის ფაქტთან ყოველგვარ კავშირს უარყოფს.
პარტიის პრესსამსახურის განმარტებით, მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში გარდაცვლილის ნათესავებმა განაცხადეს, რომ ვინმე ბუკიამ ჯანჯღავას ოჯახს, სახლის იპოთეკით დატვირთვით, თანხა გამოსძალა. ნათესავების თქმით, ბუკია ჯანჯღავების ოჯახს „კახა კუკავას პარტიაში სამსახურის დაწყებით აიმედებდა“ და ფულის დაბრუნებას ჰპირდებოდა.
„თავისუფალი საქართველოს" პრესსამსახური აცხადებს, რომ არცერთ მათგანს პარტიასთან კავშირი არ აქვს და საქმე თაღლითობის ფაქტთან გვაქვს.
პარტია „თავისუფალი საქართველო" მიმართავს სამართალდამცავ უწყებებს და მოითხოვს დაუყოვნებლივ გამოიძიონ აღნიშნული საქმე და თაღლითური სქემის ავტორები დასაჯონ.
მეტროსადგურ „სამგორში“ 50 წლის ფრიდონ ჯანჯღავამ თავი გუშინ მოიკლა. ის ლიანდაგებზე მაშინ გადახტა, როდესაც მატარებელი სადგურზე შემოდიოდა. მემანქანემ დამუხრუჭება ვერ მოასწრო და მატარებელმა მამაკაცს გადაუარა. ფრიდონ ჯანჯღავა ადგილზე გარდაიცვალა.

















