საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ნიუ-იოკში ვიზიტის ფარგლებში
თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, მევლუთ ჩავუშოღლუსთან შეხვედრა გამართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-თურქეთის სტრატეგიულ პარტნიორობას, რაც გამოიხატება მრავალწლიან წარმატებულ თანამშრომლობაში სხვადასხვა სფეროში.
ქართულმა მხარემ თურქეთს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
როგორც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ანკარა საქართველოს მხარდაჭერას კვლავაც გააგრძლებს, როგორც ორმხრივ, ასევე საერთაშორისო ფორმატებში.
ორმხრივი ურთიერთობის კონტექტსში მხარეებიმა ისაუბრეს საქართველო-თურქეთს შორის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე და საბჭოს მომდევნო შეხვედრისთვის, რომელიც ანკარაში გაიმართება მზადყოფნა გამოთქვეს.
შეხვედრაზე აღინიშნა საქართველო-თურქეთის ჩართულობა საერთაშორისო სატრანზიტო და ენერგეტიკულ პროექტებში და ის მნიშვნელოვანი როლი, რასაც საქართველო და თურქეთი ასრულებენ სამხრეთ დერეფნის განვითარების პროცესში. ამ მხრივ ხაზი გაესვა ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტს და მისი იმპელემნტაციის მნიშვნელობას. ქართული მხარე, ასევე ტრანსანატოლიური გაზსადენის TANAP-ის პროექტის გახსნას მიესალმა.
მინისტრმა თურქ კოლეგას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა, ასევე საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“ ესუბრა. მან თურქეთს არაღიარების პოლიტიკის განხორციელებაში საქართველოს მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.
თურქმა კოლეგამ დავით ზალკალინს აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნა კიდევ ერთხელ მიულოცა. ეს მინისტრის პოზიციიდან კოლეგების პირველი შეხვედრა გახლდათ. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლონ როგორც ორმხრივი ურთიერთობების, ისე საერთაშორისო ფორმატებში ურთიერთმხარდაჭერის მიმართულებით.

















