პარტია „ქართული დასის“ ლიდერი, საპარლამენტო ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ წევრი ჯონდი ბაღათურია მთავრობისგან
სარეზერვო ფონდებში არსებული თანხების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ითხოვს.
აღნიშნული საკითხი ბაღათურიამ დღეს, ბიუროს რიგგარეშე სხდომაზე დასვა.
„გაუგებარია რატომ გვჭირდება ბიუჯეტში ცვლილებები, როცა ასეთი შემთხვევისთვის მთავრობისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდები არსებობს, რომელთა მოცულობა 50–50 მილიონია. თუ ფონდებში ეს თანხები უკვე აღარ არის, მაშინ მთავრობამ სხდომაზე მოგვახსენოს ეს რაში დაიხარჯა ისინი“ – აღნიშნა ბაღათურიამ.
დეპუტატმა განმარტა, რომ მთავრობის და პრეზიდენტის ფონდებში მობილიზებული თანხები ეპიდემიების, მიწისძვრებისა და სხვა ბუნებრივი კატაკლიზმების დროს გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციას უნდა მოხმარდეს.
ბაღათურიას პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე გამოეხმაურა და დეპუტატს ურჩია, ფრაქციაში ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე მოიწვიოს და აღნიშნული კითხვები მას დაუსვას.
ბაქრაძის განმარტებით, ბიურო არ არის ის ადგილი სადაც საკითხის განხილვა ხდება.
პრეზიდენტმა პარლამენტს რიგგარეშე სხდომის ჩატარების თხოვნით მიმართა, სადაც სტიქიის მიერ მიყენებული ზარალის სალიკვიდაციოდ ბიუჯეტში ცვლილებები უნდა დამტკიცდეს.

















