ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და ესტონეთის არასამთავრობო კვლევითი ორგანიზაცია
„თავდაცვის და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრი“ (ICDS)-ის ორგანიზებით სემინარი - „10 years from the August war – what have we learned?“ გაიმართა.
ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თეა ახვლედიანმა მიმართა. საქართელოს ელჩმა 10 წლის წინ საქართველოს მიმართ რუსეთის მიერ განხორციელებულ სამხედრო აგრესიასა და მის შედეგებზე ისაუბრა. ელჩმა აღნიშნა, რომ ომიდან 10 წლის შემდეგ, საქართველოსა და საერთაშორისო საზოგადოების სამშვიდობო ძალისხმევის მიუხედავად, კვლავ გრძელდება საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია, ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები და უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები.
ელჩმა, ასევე საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაზე ისაუბრა, რომელიც მიმართულია ომით დაშორებული საზოგადოებების შერიგებისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ. ამასთან, მან აღნიშნა ესტონეთის მხარდაჭერის მნიშვნელობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
ღონისძიებაზე, რომელსაც ესწრებოდნენ ესტონეთის მთავრობის, სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური წრეების, მედიის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მომხსენებლებად ასევე წარსდგნენ: ესტონეთის თავდაცვის მინისტრი იური ლუიკი, საქართველოს გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე ნიკოლოზ ჯანჯღავა, მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, კურტ ვოლკერი.

















