საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში
პოლიტიკურ საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, დევიდ ჰეილისთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე საუბარი საქართველო-ამერიკის სტრატეგიული თანამშრომლობის ყველა ძირითად მიმართულებას შეეხო. ასევე, საუბარი იყო რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, მათზე ეფექტიანი რეაგირების კუთხით სტრატეგიული პარტნიორების მუდმივი კოორდინაციის მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო აშშ-ს მნიშვნელოვან სტარტეგიულ პარტნიორს წარმოადგენს და საქართველოს დემოკრატიული და სახელმწიფოებრივი განვითარება რეგიონისთვის სამაგალითოა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე დაფიქსირდა აშშ-ს მტკიცე მხრდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის და კონფლიქტის დარეგულირების სამშვიდობო პოლიტიკის მიმართ. აშშ-ს მხრიდან აღნიშნა, რომ საქართველოს საკითხი მუდმივად დგას ამერიკის, როგორც მრავალმხრივი დიპლომატიის დღის წესრიგში, ისე რუსეთის ფედერაციასთან ორმხრივი ურთიერთობების ფორმატში.
საუბარი შეეხო სტარტეგიულ პარტნიორთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არსებულ თანამშრომლობას, ასევე მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა განსაკუთრებული ძალისხმევა მიმართონ ეკონომიკური თანამშრომლობის გასაძლიერებლად.
აშშ მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს და აფასებს საქართველოს მნიშვნელოვან კონტრიბუციას ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში.

















