მთავრობამ დევნილთა საჭიროებების შემსწავლელი პროგრამა შეიმუშავა, რომლის მიზანი დევნილთა გამოკითხვის გზით პრობლემების შესწავლაა.
როგორც დღეს მთავრობის სხდომაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა დალი ხომერიკმა განაცხადა, პრობლემების გამოკვეთის შემდეგ მიზნობრივი პროგრამები დაიგეგმება.
მისი თქმით, პროგრამის ამოცანაა დევნილთათვის, რომლებიც მოსახლეობის 6%-ს შედაგენენ, ხელმისაწვდომი იყოს სახელმწიფოს მიერ განხორციელებული პროგრამები. კერძოდ, დასაქმება, ჯანდაცვა და სოფლის განვითარება.
„პროგრამა სამ ეტაპად განხორციელდება და ორ ძირითად მიზანს არის მორგებული - დევნილების საჭიროებების შესწავლა და დევნილებსა და სამინისტროს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება“- განაცხადა ხომერიკმა.
მისი თქმით, მოსამზადებელ ეტაპზე, რომელიც 30 ივლისამდე გაგრძელდება, კითხვარები შემუშავდება და ინტერვიუერთა ტრენინგი ჩატარდება. პროგრამის ძირითადი ეტაპი 1 აგვისტოდან დაიწყება და 1 თვის განმავლობაში 44 700 ოჯახი გამოიკითხება.
მათ მიერ შევსებული კითხვარები მონაცემთა ბაზაში განთავსდება. ბოლო ეტაპი სექტემბერში განხორციელდება, რომლის შედეგად კერძო სექტორში მცხოვრები დევნილები გამოიკითხება.
სამივე ეტაპის შედეგების პრეზენტაცია პროგრამის დასასრულს იგეგმება.

















