საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 45-ე რაუნდის
მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა ევროკავშირის თანათავმჯდომარეებთან, გაეროსა და ეუთოს მხრიდან. შეხვედრას ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით დონდუა ხელმძღვანელობდა.
მინისტრის მოადგილე ახალ თანათავმჯდომარეებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში გაეროს წარმომადგენელს, ჯიჰან სულთანოღლუსა და სამხრეთ კავკასიაში ეუთოს თავმჯდომარეობის სპეციალურ წარმომადგენლს, რუდოლფ მიხალკას მიესალმა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ რუსეთისა და საოკუპაციო რეჟიმების დესტრუქციულ ნაბიჯებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატა, რომლებიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრებს ისევე, როგორც მთლიანად ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს. დავით დონდუამ აღნიშნა, რომ სამშვიდობო ფორმატების დაზიანება გამოიწვევს ადგილზე არსებული მძიმე ვითარების კიდევ უფრო გაუარესებას და გამოთქვა იმედი, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევითინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების დაუბრკოლებელი მუშაობის უზრუნველყოფა, მოლაპარაკებების ფუძემდებლური პრინციპებისა და პროცედურების სრული დაცვით მოხერხდება.
მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ რუსეთ-საქართველოს ომიდან და ჟენევაში სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებიდან 10 წლის თავზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრა. ამ კონტექსტში მან აღნიშნა რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების სრულად შესრულების აუცილებლობა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე ძალის არგამოყენების, ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და ლტოლვილთა და იძულებთ გადაადგილებულ პირთა დაბრუნების თემებზე პროგრესის მიღწევის საჭიროებას.
მხარეებმა მომდევნო რაუნდზე განსახილველი საკითხების შესახებ ისაუბრეს. საქართველოს დელაგაციის წარმომადგენლებმა, ასევე, ისაუბრეს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მიმდინარე უკანონო მილიტარიზაციასა და სამხედრო წვრთნებზე, საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვის მძიმე შედეგებზე, უკანონო დაკავებებისა და გატაცებების პრაქტიკაზე. აქცენტი გაკეთდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეთნიკური ქართველების მიზანმიმართულ დისკრიმინაციასა და მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვაზე. აღინიშნა, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილი მძიმე მდგომარეობა ხელს უწყობს ადგილზე ვითარების დესტაბილიზაციას. განსაკუთრებული სიმწვავით დაისვა არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობა.
დავით დონდუამ თანათავმჯდომარეებსძალისხმევის შემდგომი მობილიზების თხოვნით მიმართა, რათა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ეფექტიანი გამოყენების გზით შესაძლებელი გახდეს ადგილზე არსებულ გამოწვევებთან გამკლავება და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების ხელშეწყობა.
ჟენევის მოლაპარაკებების 45-ე რაუნდი მიმდინარე წლის 9-10 ოქტომბერს გაიმართება.

















