საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ გერმანიის ფედერაციული
რესპუბლიკის ახლადდანიშნული ელჩი, ჰუბერტ კნირში მიიღო. ელჩმა მას რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა.
ხათუნა თოთლაძემ ჰუბერტ კნირშს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა, მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ მისი ელჩობის პერიოდში კიდევ უფრო გაღრმავდება საქართველო-გერმანიის მეგობრული და მჭიდრო ურთიერთობები. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ საქართველოსა და გერმანიას საერთო ღირებულებები და ინტერესები აერთიანებთ და საიმედო პარტნიორებად ჩამოყალიბდნენ.
ხათუნა თოთლაძემ ისაუბრა ფედერალური კანცლერის, ანგელა მერკელის ოფიციალური ვიზიტის მნიშვნელობაზე, რაც საქართველოსადმი სოლიდარობისა და მხარდაჭერის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენდა.
მან, ასევე, დიპლომატს გმადლობა გადაუხადა გერმანიის მიერ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის, ასევე მრავალწლიანი ფინანსური და ტექნიკური დახმარებისათვის, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოს თანამედროვე, ევროპული ტიპის სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას და ევროპულ ოჯახთან დაახლოებას. ამასთან, ქართულ-გერმანული ურთიერთობების კონტექსტში მინისტრის მოადგილემ აღნიშნა საქართველო-გერმანიის წლის მნიშვნელობა, რომელსაც ორი ქვეყანა ერთობლივად აღნიშნავს და რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში დაგვირგვინდება ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაში საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობით.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახალმა ელჩმა საქართველო-გერმანიას შორის არსებულ მჭიდრო და ინტენსიურ თანამშრომლობას პოლიტიკის, ეკონომიკის, თავდაცვის, პოლიციის, განათლების, კულტურისა და სხვა სფეროებში მაღალი შეფასება მისცა. მან ხაზი გაუსვა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობას, რაც გაზრდის ჩვენი ქვეყნისა და ქართული კულტურის ცნობადობას გერმანიის ფართო საზოგადოებაში. ჰუბერტ კნირშმა, ასევე, გამოთქვა მზადყოფნა, ახალ პოსტზე მუშაობისას მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ქართულ-გერმანული ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას და ამ მიზნით, არსებული პოტენციალის ათვისებას.

















