პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ საქართველოს პარლამენტის შენობის პრივატიზებასთან დაკავშირებული
დეტალების გასაჯაროებას მოითხოვს.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, პარლამენტის შენობის გაყიდვასთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება, ამიტომ, „ქართული ოცნება“ მოითხოვს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებული მთელი პროცესი საჯარო და გამჭვირვალე იყოს.
პრესსპიკერის თქმით, ხელისუფლებამ საზოგადოებას და მედიას ამის შესახებ სრული და ამომწურავი ინფორმაცია უნდა გააცნოს.
„ეს საქმე ეხება პარლამენტის შენობას და მისი გაყიდვის ბედს. ჩვენი მოთხოვნაა, რომ აბსოლუტურად ყველაფერი, რაც ამ ეტაპზე ხორციელდება - პრივატიზაციის თუ სხვა მიდგომის შესახებ, სრულად იცოდეს ქართულმა საზოგადოებამ“-განაცხადა ფანჯიკიძემ.
თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე საქართველოს პარლამენტის შენობის გაყიდვა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც საქართველოს ხელისუფლებამ საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისში გადატანის გადაწყვეტილება მიიღო. შენობის პრივატიზაციასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები რამდენიმე კომპანიასთან მიმდინარეობს, თუმცა, მთავრობა დეტალების გახმაურებისა და საპრივატიზაციო თანხის დაკონკრეტებისგან თავს იკავებს.

















