"ლამბერტო ზანიერი ხშირად სტუმრობს საქართველოს, მაგრამ უმაღლესი კომისრის რანგში ეს
მისი პირველი ვიზიტია საქართველოში. ჩვენ წლების განმავლობაში ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს ეუთოს ეროვნული უმცირესობების ოფისთან, რომელიც რამდენიმე პროექტს ახორციელებს საქართველოში და ძალიან გვეხმარება, რომ ეროვნული უმცირესობები იყვნენ სრულად ინტეგრირებული საქართველოს როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ , სოციალურ , კულტურულ სფეროებში და ეროვნული უმცირესობების უფლებები სრულად იყოს დაცული საქართველოში“-განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლეს კომისართან ლამბერტო ზანიერთან შეხვედრის შემდეგ.
დავით დონდუამ აღნიშნა, რომ ქართულმა მხარემ ლამბერტო ზანიერს, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილი რთული მდგომარეობის შესახებ: „შეხვედრაზე ლამბერტო ზანიერი ასევე დაინტერესდა თუ რა ვითარება არის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მას ამის თაობაზეც მივაწოდეთ სრული ინფორმაცია. ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ლამბერტო ზანიერი გეგმავს აფხაზეთის რეგიონში გამგზავრებას, რათა თვითონ ნახოს, თუ რა რთული ვითარებაა იქ ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული თვალსაზრისით“-აღნიშნა დავით დონდუამ.

















