კოალიცია „ქართული ოცნება“ მზად არის სამოქალაქო საზოგადოების მიერ სამართლიანი კონკურენტული და მშვიდობიანი
საარჩევნო პროცესის უზრუნველსაყოფად შემუშავებულ დოკუმენტში დამატებითი პუნქტების შეტანის საკითხი განიხილოს.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, კოალიცია მიესალმება სამოქალაქო საზოგადოების მიერ წარდგენილ ინიციატივებს და მხარს უჭერს კამპანია „ეს შენ გეხებას“ მიერ 16 ივლისს გამოქვეყნებულ დოკუმენტს.
პრესსპიკერის თქმით, კოალიცია მზადაა ამ დოკუმენტში ასახული პრინციპების დაცვის ვალდებულება აიღოს.
“მიგვაჩნია, რომ მმართველი პარტიის ბოლოდროინდელი ალტერნატიული ინიციატივები, მათ შორის აღნიშნული დოკუმენტის სხვა დოკუმენტის დამატებად განხილვის თაობაზე, ხელს არ უწყობს დეკლარირებული მიზნის მიღწევას“ - აღნიშნა ფანჯიკიძემ.
მისი თქმით, კოალიცია მზადაა განიხილოს სამოქალაქო საზოგადოების მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში დამატებითი პუნქტების შეტანის საკითხი, მათ შორის, არჩევნების შედეგების თაობაზე ყველა სადავო საკითხის მხოლოდ მშვიდობიანი და კონსტიტუციური გზებით გადაწყვეტის, ასევე, უმცირესობების თუ პოლიტიკური ოპონენტების მიმართ სიძულვილის ენის არგამოყენების ვალდებულება და სხვა.

















