საქართველოს პარლამენტში პარლამენტის წევრებისა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის
კომიტეტის წევრების მონაწილეობითა სემინარი - „საპარლამენტო ზედამხედველობა და ოპოზიციის როლი“ იმართება.
სემინარი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში თამარ ჩუგოშვილმა გახსნა.
„ჩვენი დღევანდელი სემინარი საპარლამენტო ზედამხედველობის საკითხებსა და ოპოზიციის როლს შეეხება. დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით საინტერესო დისკუსია გაიმართება“,-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
სემინარის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარემ როჯერ გეილმა მიმართა.
მისი განცხადებით, მას შემდეგ რაც საქართველო ევროსაბჭოს წევრი გახდა, ქვეყანაში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ის ფაქტი, რომ დღეს თბილისში საპარლამენტო ზედამხედველობასა და ოპოზიციის როლზე სემინარი იმართება ნიშნავს, რომ ქვეყანაში დემოკრატია ცოცხლობს და ვითარდება. როჯერ გეილი თავის სიტყვაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ყველა ელოდება იმ დღეს, როდესაც საქართველოს ყველა მოქალაქე შეძლებს გაერთიანებულ ქვეყანში ცხოვრებას.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში თამარ ჩუგოშვილმა მადლობა გადაუხადა როჯერ გეილს საქართველოსთვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე საუბრისათვის, როგორიცაა ოკუპირებული ტერიტორიები და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს ქვეყნის განვითარებისათვის და დემოკრატიის გაძლიერებისთვის. მისივე თქმით, ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია პარლამენტის გაძლიერება. როგორც თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად პარლამენტის როლი ძლიერდება, რაშიც დიდი წვლილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლიო კობახიძეს მიუძღვის.
სემინარიის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მიმართა.
მან საკონსტიტუციო რეფორმაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ რეფორმის ცენტრი არის პარლამენტის გაძლიერება.
„საქართველოს მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმა არის ბოლო წლებში, 2012 წლის შემდეგ, ძალაუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდგომ, მკაცრი დემოკრატიზაციის ლოგიკური შედეგი.
საპარლამენტო დემოკრატია სამთავრობო ინსტიტუტების და მათი ურთიერთქმედების რესტრუქტურიზაციას მოითხოვდა. ეს იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც მოვახდინეთ საკონსტიტუციო რეფორმის ინიცირება თითქმის ორი წლის წინ და წარმატებულად დავასრულეთ ეს პროცესი მიმდინარე წელს.
პარლამენტის გაძლიერება ამ ფართო პოლიტიკური რეფორმის ცენტრია. საქართველოს პარლამენტი იყო ქართული დემოკრატიის აკვანი, სადაც პოლიტიკური პლურალიზმი და დემოკრატიული კონკურენცია ეხმარებოდა ჩვენს ერს, შეენარჩუნებინა და განემტკიცებინა ჩვენი ეროვნული დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, ასევე, განევითარებინა დემოკრატიული პრაქტიკა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, წინა ხელისუფლების პირობებში, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო საკმაოდ სუსტი და არაეფექტური იყო, თუმცა, ახლა, ეს ვითარება სწრაფად იცვლება.
„საქართველოს პარლამენტი წინა მთავრობების დროს, ჰიპერ-საპრეზიდენტო მოქმედებების პირობებში, საკმაოდ სუსტი და არაეფექტური იყო. ახლა ეს სწრაფად იცვლება. ჩვენ მოვამზადეთ სხვადასხვა ინიციატივები, რომელთა მიზანიც ქართული დემოკრატიის დაცვა და იმის უზრუნველყოფაა, რომ ავტორიტარული პრაქტიკა არასდროს აღარ დაბრუნდეს. ახალი კონსტიტუცია უზრუნველყოფს რომ იყოს შეკავებისა და გაწონასწორების ეფექტური და ადეკვატური სისტემა საკანონმდებლო და აღმასრულებელ შტოებს შორის. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის რეფორმის მეშვეობით, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ კაბინეტი და სამთავრობო უწყებები ანგარიშვალდებულები არიან პარლამენტის წინაშე არა მხოლოდ ფურცელზე, არამედ პრაქტიკულადაც.
მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციის უფლებები და პრივილეგიები უფრო ფართოვდება. პარლამენტის სრული შემადგენლობის მხოლოდ ერთ მესამედს შეეძლება საგამოძიებო კომისიის შექმნა და ოპოზიციის წევრთა რაოდენობა კომისიის შემადგენლობის ნახევარზე ნაკლები არ იქნება. კონსტიტუციის წინა რედაქციით მხოლოდ უმრავლესობას ჰქონდა ამის უფლება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა - საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის რეფორმაა, რომელიც საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერების დამატებით გარანტიებს ითვალისწინებს.
„წინა კონსტიტუციის პირობებში, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო, რომ პარლამენტს თავისი ნება გამოეხატა და უკმაყოფილება გამოეთქვა მთავრობის მიმართ. ამ მხრივ ბევრი რამ შეიცვალა.
უნდობლობის გამოცხადებისა და ინტერპელაციის პროცედურები მარტივდება. პრემიერმინისტრი ყოველწლიურად წარსდგება პარლამენტის წინაშე.
მთავრობის წევრებსა და სხვა ოფიციალურ პირებს მოეთხოვებათ, რომ დაესწრონ საკომიტეტო სხდომებს, უპასუხონ შეკითხვებს და წარმოადგინონ ინფორმაცია მათი აქტივობების შესახებ. ამის მოთხოვნა შეეძლება არა მხოლოდ უმრავლესობას, არამედ უმცირესობას, ოპოზიციას. თითოეული მინისტრი იქნება პასუხისმგებელი მიმართოს პარლამენტს მინისტრის საათის ფორმატში.
გარდა ამ ნორმატიული ცვლილებებისა, პარლამენტი გადის მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას ყველა ასპექტში შესაძლებლობების გაძლიერებით, მათ შორის, პარლამენტის აპარატის თანამშრომელთა ტრენინგებით და მატერიალური რესურსის გაძლიერებით“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

















