საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, სახელმწიფო ყველა იმ მეწარმის
გვერდითაა, რომელიც თუნდაც ერთ ადამიანს ასაქმებს.
მისივე თქმით, მმართველი გუნდის გამარჯვებაა, რომ საქართველოში მედიაპლურალიზმი დამკვიდრდა.
ბახტაძის განცხადებითვე, ყველა კომერციულ ობიექტს გადასახადებთან დაკავშირებული პრობლემების შემთხევაში ხელისუფლება გადახდის კომფორტულ გეგმას სთავაზობს.
„ჩვენ ყოველთვის ავიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ საქართველოში იყოს დაცული მედიაპლურალიზმი. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი გამარჯვება გახლავთ სწორედ ის, რომ საქართველოში ჩვენ მოვიტანეთ მედიაპლურალიზმი და ესაა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი წარმატება. რაც შეეხება საგადასახადო კომპონენტს, რომელიც ეხება თამბაქოს ბიზნესს და კომერციულ საქმიანობას. ესაა განსახვავებული ასპექტი. მე მთავრობის სხდომაზეც ვისაუბრე ამაზე. არ არის ნამდვილად ლამაზი, როდესაც აქციონერი ცდილობს ამ ორი საკითხის ერთმანეთთან დაკავშირებას. ჩვენ ვართ ყველა ქართველი მეწარმის გვერდით, რომელიც თუნდაც ერთ ადამიანს დაასაქმებს და ერთ სამუშაო ადგილს ქმნის.
სახელმწიფო ყოველთვის არის მოწადინებული კომერციულ საქმიანობას, რა სექტორიც გინდა იყოს ის, დაუდგეს გვერდით. თუ ვერ იხდის გადასახადებს, ან აქვს ობიექტური პრობლემები, მისცეს მას ისეთი გადახდის კომფორტული გეგმა, რომ შენარჩუნებული იყოს საწარმო და ფინანსთა სამინისტრომ, ისვე როგორც შემოსავლების სამსახურმა ამის დემონსტრირება მოახდინა. შემოსავლების სამსახურმა 11-ჯერ გადაავადა ის ნაბიჯები, რომელიც, როგორც წესი, დგება ასეთი ტიპის გადასახადის არგადახდის შემთხვევაში“- განაცხადა ბახტაძემ.
შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებამ „ომეგა ჯგუფში“ შემავალ კომპანიას საქმიანობა შეუჩერა, მიზეზი დავალიანებაა. შესაბამისად დაფინანსება შეუწყდა ტელეკომპანია „იბერიას“, რომელიც „ომეგა ჯგუფის“ შემადგენლობაშია.

















