ევროკავშირის ახლადდანიშნულმა ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა საქართველოს საგარეო საქმეთა
მინისტრს, დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა.
ამის შემდეგ კი გაცნობითი შეხვედრა გაიმართა.
დავით ზალკალიანმა კარლ ჰარცელს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული პრიორიტეტები განიხილეს და ასოცირების შეთანხმების განხორციელების მიმდინარეობა დადებითად შეაფასეს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამასახურის ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირის დელეგაციის ახალ ხელმძღვანელს მთავრობის ინიციატივის - ევროკავშირში გაწევრიანების საგზაო რუკის - შემუშავების მიმდინარეობა გააცნო. მხარეებმა, ასევე, მიმდინარე წლის ნოემბერში დაგეგმილ საქართველოს მთავრობასა და ევროკომისიის კოლეგიას შორის უმაღლეს დონეზე შეხვედრაზე ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს მოსამზადებელი პროცესის ეფექტიანად წარმართვის მნიშვნელობას.
შეხვედრაზე, ასევე, ისაუბრეს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის საკითხზე. მინისტრმა ევროკავშირის ელჩს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ის მძიმე ფონი გააცნო, რომელიც რუსეთის დესტრუქციული პოლიტიკის შედეგია. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის განსაკუთრებულ როლზე კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის პროცესში და, ასევე, საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის განხორციელებაში ევროკავშირის ჩართულობაზე.
შეხვედრის დასასრულს, მხარეები საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მიზნით ინტენსიურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

















