საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროპისა
და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან, ვეს მიჩელთან შეხვედრა გამართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მიმდინარე თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და მათი შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილი ვიზიტის დეტალებს.
აშშ-ის მხარემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა. მხარეებმა, ასევე, მიმოიხილეს რეგიონში მიმდინარე პროცესები, მათ შორის უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რთულ ვითარებას და აშშ-ის ჩართულობას კონფლიქტის მოგვარების საკითხში.
ვეს მიჩელმა ქართული მხარის მიერ საერთაშორისო უსაფრთხოების მისიებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მადლიერება გამოხატა.

















