პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია საერთაშორისო
სამართლებრივ საკითხებში გერმანული ფონდის (IRZ) მოწვეულ ექსპერტს მედია-სამართლის განვითარების საკითხებზე თომას ვირნს შეხვდა.
შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოში მედია-სამართლის განვითარების საკითხებს და ამ კუთხით არსებულ ევროპულ სტანდარტებს. საქმე ისაა, რომ საერთაშორისო სამართლებრივ საკითხებში გერმანული ფონდი საქართველოში იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას, რომელიც სწორედ მედია-სამართლის განვითარებას ეხება და მათთვის მნიშვნელოვანია ამ პროცესში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან თანამშრომლობა.
„პროექტი გულისხმობს, თუ როგორ ხდება ონლაინ-სივრცეში, სხვადასხვა სოციალურ ქსელებში ინფორმაციის გავრცელება ისე, რომ ის არ ატარებდეს სიძულვილის ენის ნიშნებს და არ იყოს ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით პრობლემის შემქმნელი. ბუნებრივია, დღეს ერთ-ერთი გამოწვევაა სოციალური ქსელები - როგორ ხდება ინფორმაციის გავრცელება და სტანდარტების დაცვა. ამდენად დღეს, როდესაც გვაქვს ევროკავშირის დირექტივები და ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ამ სტანდარტების დანერგვა არის მნიშვნელოვანი. ამიტომ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან თანამშრომლობა მათთვის საინტერესოა და გვთხოვეს, რომ ჩვენც ჩავერთოთ ამ პროექტში, რომ მედია-სამართლის კუთხით რეგულაციებს შევხედოთ საერთაშორისო ჭრილში, კონსტიტუციის პრინციპების დაცვით“, - განაცხადა ეკა ბესელიამ შეხვედრის შემდეგ.
ოქტომბერში იგეგმება აღნიშნულ საკითხზე პირველი კონფერენციის ჩატარება და როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, მედიის წარმომადგენლებთან, იურისტებთან ერთად ამ პროექტში მათი კომიტეტიც ჩაერთვება. „გვექნება ბევრი აქტივობა, მათ შორის საერთაშორისო ექსპერტების და ქართველი მეცნიერების მონაწილეობით“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა IRZ-ის პროექტის კოორდინატორი საქართველოში სულხან გამყრელიძე.
საერთაშორისო სამართლებრივ საკითხებში გერმანული ფონდი პარტნიორ ქვეყნებში მხარს უჭერს რეფორმებს სამართლის სფეროსა და სასამართლო სისტემაში. ფონდის თანამშრომლობა საქართველოსთან 2006 წლიდან იღებს სათავეს და ამ დროიდან მრავალი წარმატებული პროექტი განახორციელა ქვეყანაში არსებულ სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებებთან თანამშრომლობით.

















