საბერძნეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა
გააფორმეს „თანამშრომლობის მემორანდუმი“, რომლის მიხედვითაც ხელმომწერები შეთანხმდნენ, რომ ითანამშრომლებენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს პოზიტიური იმიჯის განმტკიცება, საქართველოსა და საბერძნეთის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორის დეპარტამენტის დირექტორი რატი ბრეგაძე აღნიშნულ ინიციატივას დადებითად აფასებს და იმედოვნებს, რომ პრაქტიკა ფართოდ იქნება გაზიარებული ქართული დიასპორის წარმომადგენლების მიერ: „ ინიციატივა წარმოადგენს ეროვნული ინტერესების გარშემო დიასპორის კონსოლიდაციისა და სახელმწიფოსთან თანამშრომლობის მზაობის გამოხატულების მაგალითს და ემსახურება დიასპორის ერთიანობას, გაძლიერებას და სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის განვითარებას. გამოვხატავთ მადლიერებას ყველა ხელმომწერის მიმართ და ვიმედოვნებთ, რომ მსგავსი პრაქტიკა ფართოდ იქნება გაზიარებული საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების მიერ“, განაცხადა რატი ბრეგაძემ.
აღნიშნული წარმოადგენს პირველი შემთხვევას, როცა დოკუმენტის ხელმომწერები თანხმდებიან, რომ აქტიურად ჩაერთვებიან ზემოაღნიშნული პრიორიტეტების სისრულეში მოყვანისათვის დაგეგმილი ღონისძიებების ინიცირებასა და განხორციელების პროცესებში.
თანამშრომლობის მემორანდუმი წარმოადგენს ღია დოკუმენტს, რომელში ჩართვაც შეუძლია საბერძნეთში არსებული დიასპორის ნებისმიერ წარმომადგენელს.

















