საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი შარვაშიძემ საქართველოში
შრი-ლანკის დემოკრატიული სოციალისტური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან პაკირ მოჰიდინ ამზასთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრის დროს განხილული იქნა საქართველოსა და შრი-ლანკას შორის ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები. საუბარი შეეხო პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს. მხარეებმა კმაყოფილება გამოხატეს, რომ უკანასკნელ წლებში აქტიურად ვითარდება პოლიტიკური ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა დონეზე. ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და შრი-ლანკას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის განვითარების პოტენციალის ამოქმედების აუცილებლობაზე, ხალხთაშორისი კავშირების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა მიმდინარე წლის 17-19 ივლისს შრი-ლანკის პრეზიდენტის, მისი აღმატებულება მაითრიპალა სირისენას საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობას. მხარეებმა დაადასტურეს, რომ ეს ფაქტი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ორი ქვეყნის ურთიერთობების ისტორიაში, რომელიც ხელს შეუწყობს ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ გააქტიურებას.
შრი-ლანკის ელჩმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს, კერძოდ საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას შრი-ლანკის პრეზიდენტის მაღალ დონეზე მიღებისთვის. ელჩმა განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს როლი ვიზიტის წარმატებით ორგანიზებაში.

















