ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობა, ჩვენი ქვეყნის ევროპული და
ევროატლანტიკური ინტეგრაცია, გერმანიის როლი საქართველოს ევროინტეგრაციული პროცესების მხარდაჭერის კუთხით, ოკუპაცია და რუსული აგრესია იყო საქართველოს პარლამენტისა და გერმანიის ბუნდესტაგის წევრებს შორის გამართული შეხვედრის მთავარი თემა.
შეხვედრაში ორი ქვეყნის პარლამენტების სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
"ჩვენ გერმანიასთან გვაქვს წარმატებული თანამშრომლობა, რომელიც მრავალი წელია გრძელდება აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, რაც არის საქართველოსთვის პრიორიტეტული და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი. გერმანიის საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას. ამ თანამშრომლობის განმტკიცებისთვის, მნიშვნელოვანია რეგულარული დიალოგის ფორმატი მივცეთ იმ პრიორიტეტულ მიმართულებებს, რაც უკვე არსებობს და წარმატებით ხორციელდება", - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტს ქართველმა ხალხმა ისტორიული ვიზიტი უწოდა. "საქართველოში კანცლერის და გერმანიის ბუნდესტაგის წევრების ვიზიტი კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას", - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ მადლობა გადაუხადა კოლეგებს საქართველოს მიმართ გერმანიის მხარდაჭერისთვის.
"როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ გერმანია საქართველოს ურთიერთობაზე - ვსაუბრობთ იმ დიდ მხარდაჭერაზე, რომელსაც წლების განმავლობაში გერმანია საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით უწევდა. ეს მიმართულებები იყო სამართლებრივი სახელმწიფო, ადამიანის უფლებების დაცვა, ეკონომიკური და კულტურული მხარდაჭერა და სხვა. ჩვენ დიდად ვაფასებთ ამ მხარდაჭერას", - განაცხადა სოფო კილაძემ.
შეხვედრაზე, გერმანიის ბუნდესტაგის დელეგაციაში, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, რომელთაც განსხვავებული პოზიციები აქვთ საქართველოს ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით.
"აუცილებელია და, რაც მთავარია, არსებობს დიალოგის გაგრძელების რესურსი გერმანელ პოლიტიკოსებთან, რომ უფრო მყარი გავხადოთ პოზიცია გერმანულ პოლიტიკურ სპექტრში საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის თაობაზე. ამ თემამ გარკვეული დისკუსია გამოიწვია, თუმცა მიმაჩნია, რომ არსებობს რესურსი რომ დიალოგი გაგრძელდეს ამ საკითხთან დაკავშირებით", - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ. მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი ასევე, შეეხო რუსული აგრესიის წინააღმდეგ საქართველოს პარლამენტის მიერ განხორციელებულ ნაბიჯებს და ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესს.
თამარ ხულორდავას თქმით, გერმანელმა დეპუტატებმა ის პროგრესი აღნიშნეს, რომელიც ქვეყანას ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესის თვალსაზრისით აქვს. " ჩვენ აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობა, რათა გერმანელი საზოგადოებისთვის და პოლიტიკური სპექტრისთვის უფრო მისაღები გავხადოთ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ პერსპექტივაზე საუბარი", - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.
შეხვედრაში საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატებიც მონაწილეობდნენ. გიორგი კანდელაკის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხის წინ წამოწევა რთულია, ამაზე დიალოგი კიდევ უფრო უნდა გააქტიურდეს.
"გერმანიასთან საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხის წინ წამოწევა არ არის ადვილი, მაგრამ თუ ეს საკითხი არ იქნება დისკუსიის ნაწილი და ამაზე არ ვისაუბრებთ, მაშინ ეს პროცესი წინ ვერ წაიწევს. გერმანიის დელეგაციაში სხვადასხვა პარტიები არიან, მათ შორის, ისეთები, რომლებიც სკეპტიკურად არიან განწყობილი საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მიმართ, ამიტომ, ბუნებრივია, ეს საკითხი იწვევს დისკუსიას. მიუხედავად ამისა, ჩვენი მოვალეობაა ამ თემაზე ვისაუბროთ", - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
რომან გოცირიძემ შეხვედრისას, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამოყენების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.
"ჩვენ ვსაჭიროებთ დაცვას რუსეთის მხრიდან, რადგან მიდის მცოცავი ოკუპაცია. აუცილებელია, სანქციების გამოყენება რუსეთის წინააღმდეგ. ამ სანქციებში არა მხოლოდ უკრაინა, არამედ საქართველოც უნდა იყოს მოხსენიებული. საქართველო მიისწრაფვის ნატოსკენ და მას ადეკვატური მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს, პირველ რიგში, ევროპის ისეთი გავლენიანი ქვეყნისგან, როგორიც გერმანიაა", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

















