პარლამენტში დღეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან არსებული
"ქვემო ქართლის რეგიონში გარემოს დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის" შეხვედრა გაიმართა, რომელზეც კომპანია RMG-ის მიერ განსახორციელებელი პროგრამის იმ ნაწილზე იმსჯელეს, რომელიც გარემოზე მიყენებული ზიანის აღმოფხვრას და პრევენციის ზომებს გულისხმობს.
სამუშაო ჯგუფის წევრების კომპანია RMG-ის (RMG Copper და RMG Gold) წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან ერთად, მონაწილეობდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, მინისტრის მოადგილე - ნინო თანდილაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, "საყდრისის დაცვის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის" და "მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი და სამეცნიერო-კვლევითი პლატფორმის" წარმომადგენლები.
აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფი სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციების - "საყდრისის დაცვის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის" და "მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი და სამეცნიერო-კვლევითი პლატფორმები" - წარმომადგენლებისგან შედგება და იგი მიმდინარე წლის გაზაფხულზე, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე დაბა კაზრეთში გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებული საკითხის განხილვის შედეგად შეიქმნა.
როგორც კახა კუჭავამ განაცხადა, სამუშაო ჯგუფის ფორმატში გამართული ხანგრძლივი, თითქმის სამსაათიანი დისკუსია, რომელიც კონსტრუქციულად და ძირითადად კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, იმ საკითხებს შეეხო, რომლებიც ძალიან დიდ საზოგადო ინტერესს მოიცავს - ესაა გარემოზე მიყენებული ზიანის აღმოფხვრა და პრევენციის ზომების დასახვა.
"შეხვედრაზე ჩვენ დეტალურად ვიმსჯელეთ კომპანიის მიერ სამინისტროსთან შეთანხმებული პროგრამის შესრულების მდგომარეობაზე და ყველა კითხვაზე მივიღეთ პასუხი კომპანიის ხელმძღვანელობისგან. ახლა მთავარია, როგორ განახორციელებს კომპანია გარემოს დაცვის კუთხით აღებულ ვალდებულებებს, რას გააკეთებს და როგორ ეფექტს მივიღებთ, პარლამენტი კი ზედამხედველობას გაუწევს, რომ ჯეროვნად შესრულდეს დასახული ღონისძიებები", - განაცხადა შეხვედრის შემდეგ კახა კუჭავამ.
კომპანიის წარმომადგენლებთან სამუშაო ფორმატში გამართულ შეხვედრას წინ უსწრებდა "ქვემო ქართლის რეგიონში გარემოს დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის" წევრების პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარესა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად სტუმრობა ქვემო ქართლში, სადაც ისინი კომპანიაზე დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად გაწეულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.
სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მისასალმებელია კომპანიის მიერ გამოჩენილი ინიციატივა, რომლის მიხედვით მან დაკისრებული ვალდებულებების წინმსწრებით შესრულება დაიწყო, რაც იმედს იძლევა, რომ საბოლოოდ, ერთობლივი თანამშრომლობით, მინიმუმამდე დაიყვანენ გარემოზე მიყენებულ ზიანს.
ღMG-ის აღმასრულებელი დირექტორის, ჯონი შუბითიძის განცხადებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ წლის ბოლომდე გაწერილი გარემოსდაცვითი ყველა ღონისძიება შესრულებული იქნება. სამი წლის მანძილზე კი კომპანია გარემოსდაცვითი სამუშაოებისთვის 30 მილიონ ლარს დახარჯავს.
საყდრისის კომიტეტის წევრის ნინო ბურჭულაძის განცხადებით: "ამ ოთხი წლის განმავლობაში პირველი შემთხვევაა და მიმაჩნია, რომ უპრეცედენტოც, როდესაც პარლამენტმა მოგვცა საშუალება ასეთი ფორმატის შეხვედრების. მივესალმებით ამ ფაქტს და ბატონ კახას გვინდა გულწრფელად გადავუხადოთ მადლობა. პროცესი დაიწყო და იმედია საბოლოოდ რაღაც შედეგებამდეც მივალთ".
კახა კუჭავას შეფასებით კი, ალბათ, ყველაფრის თავი მაინც კომუნიკაციის ნაკლებობა იყო, ახლა კი კომუნიკაცია შედგა, საერთო სურვილია და ერთობლივი ძალისხმევით სასურველი შედეგი აუცილებლად იქნება მიღწეული. "პირადად ჩემთვის სამაგალითო პროცესია, ვინაიდან პირველად ხდება მსგავსი რამ - კომპანიასთან თანამშრომლობა და ეს შეიძლება ძალიან კარგი მაგალითი იყოს, ზოგადად, ამ სექტორში მომუშავე ყველა კომპანიისათვის. მიმაჩნია, რომ ასეთი თანამშრომლობა სწორედ ის ფორმატია, რომელიც ყველაზე სწორია, კამათის რეჟიმში თანამშრომლობა, კითხვებზე პასუხის მოთხოვნა საბოლოო ჯამში იმ შედეგებამდე მიგვიყვანს, რაც ყველასთვის მისაღები იქნება", - განაცხადა კახა კუჭავამ.
შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ მხარეებს შორის სამუშაო რეჟიმში დიალოგი მუდმივად გაგრძელდება, ხოლო ოქტომბრის დასაწყისში სამუშაო ჯგუფის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები კიდევ ერთხელ ეწვევიან ქვემო ქართლს და გაეცნობიან გეგმით განსაზღვრული სამუშაოების შედეგებს.

















