პარლამენტში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, სადაც „შრომის უსაფრთხოების შესახებ“
კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ იმსჯელეს.
სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის, პარლამენტის წევრის, დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, განხორციელდება მნიშვნელოვანი ცვლილებები.
„ახალი კანონპროექტი, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ მოქმედი კანონიდან დიდ ნაწილს იმეორებს, მაგრამ ის იქნება ფართო მასშტაბის და შეეხება არა მარტო მავნე, მძიმე და საშიში პირობების მქონე სამსახურებს არამედ ყველა სფეროს, მათ შორის საჯარო სექტორსაც. ასევე, უფრო მეტად იზრდება შრომის ინსპექტორების უფლებები. მათი დამოუკიდებლობისა და ავტონომიურობისთვის მნიშვნელოვანი ცვლილება იქნება ის, რომ დამოუკიდებლად შეეძლებათ თვითონ გადაწყვიტონ, შესამოწმებლად რომელ საწარმოში შევიდნენ“.
მისივე თქმით, ასევე განხორციელდება სხვადასხვა ტექნიკური ცვლილებები, რომლებიც უფრო ეფექტურს და ქმედითს გახდის კანონს.
პროექტი მომზადდა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად, მისი საბოლოო სახით ჩამოყალიბებაში ჩართულები არიან სამოქალაქო სექტორის და ყველა დაინტერესებული ჯგუფის წარმომადგენლები, მათ შორის სოციალური პარტნიორები, სამინისტროების, პროფკავშირებისა და ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები. დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, ასეთ შემთხვევაში კანონს უფრო მაღალი ლეგიტიმაცია ექნება და მოემსახურება როგორც ბიზნესის, ისე ნებისმიერი დასაქმებული ადამიანის ინტერესებს.

















