საქართველოს ექსპრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის
განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა 2012 წელს გამარჯვებისთვის იბრძოდა, მაგრამ რუსულმა სპეცსამსახურებმა საპარლამენტო არჩევნების დროს საქართველოში მასობრივი სპეცოპერაცია განახორციელეს, რადგან სააკაშვილის მთავრობის "ეფექტური რეფორმები პუტინისთვის სასიკვდილო საფრთხეს შეიცავდა".
ეს განცხადება სააკაშვილმა უკრაინული რადიოსადგურის, «Радио Новое время»-ს ეთერში გააკეთა.
"ჯერ ერთი, რომ ისინი თავს დაგვესხნენ, მაგრამ თბილისის აღება ვერ მოახერხეს.. რუსები დედაქალაქის მისადგომებთან გაჩერდნენ და დაიწყეს პროპაგანდა - ომი საქართველომ გააჩაღაო. დასავლეთის ნაწილმა ეს მაშინ გადაყლაპა. საბედნიეროდ, ახლა სიტუაცია გამოსწორდა და ბოდიშებს იხდიან - ვცდებოდით, გვპატიეთ, რომ თქვენ გაბრალებდითო. ახლა ისეთი სტატიები იწერება, თითქოს ყველა ერთდროულად ყველას გონება გაუნათდა. მაგრამ სინამდვილეში [ასეთი ადამიანები] თვალთმაქცები არიან. ადრე იმას წერდნენ, როგორც აწყობდათ, ახლაც ასეა. დააბნიეს დასავლეთი. შემდეგ გაავრცელეს ყალბი ხმები: „მიხეილ სააკაშვილი კოკაინს ყნოსავსო“. 300-ჯერ რომ დაწერ, მერე ხალხი იფიქრებს - „ალბათ, მართლაც ყნოსავს. აბა, რატომაა ასეთი ენერგიული?“. ან კიდევ: „სააკაშვილის ცოლი ღამ-ღამობით საქართველოსა და ჰოლანდიის ციხეებში დადიოდა და პატიმრებს შინაგან ორგანოებს აჭრიდა და ტრანსპლანტაციისთვის გზავნიდაო“. უკრაინაში რომ ვიყავი, იქაც იგივეს წერდნენ: „სანდრა დონბასში დადის და ორივე მხარის დაღუპულებს ორგანოებს აცლისო“. მოკლედ, პროპაგანდას ეწევიან 1980-იანი წლების „კაგებე“-ს სახელმძღვანელოს შესაბამისად. მათ ჩვენს ციხეებშიც შემოაღწიეს და პატიმრების ცოცხით გაუპატიურების კადრები დადგეს. გარდა ამისა, არჩევნების წინ კი ერთ-ერთი ოპოზიციონერის ახალშობილი ბავშვი მოკლეს და თქვეს, რომ ეს სისხლისმსმელი მიხეილ სააკაშვილის ნამოქმედარიაო. ეს სპეცოპერაცია იყო"-განაცხადა სააკაშვილმა.
p.s. ინტერვიუს ვრცელი ვერსიის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: www.nsp.ge

















