პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის
კანდიდატი პროფესიულ წრეებში ნდობის საკმაოდ მაღალი ხარისხით უნდა სარგებლობდეს და შესაბამისი რეპუტაცია გააჩნდეს.
ამის შესახებ ბახტაძებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
" უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი პროფესიულ წრეებში ნდობის საკმაოდ მაღალი ხარისხით უნდა სარგებლობდეს და ჰქონდეს შესაბამისი რეპუტაცია"-განაცხადა ბახტაძემ.
მისივე თქმით, ნინო გვენეტაძემ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის პერიოდში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.
"რა თქმა უნდა, ქალბატონ ნინოს რაც შეეხება, მან გააკეთა ამ საკითხზე დეტალური კომენტარი და მინდა ვუსურვო წარმატებები. ვფიქრობ, მან ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა დროის იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც ის იყო ამ ინსტიტუტის წარმომადგენელი", –აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
ბახტაძე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან სასამართლოს შეფასებასაც გამოეხმაურა. მისი განმარტებით, მესამე სექტორის პოზიციას, თითქოს სასამართლო სისტემაში არის კლანური მმართველობა, ის ვერ გაიზიარებს.
" ვერ გავიზიარებ პოზიციას, რადგან არ მაქვს ინფორმაცია, რომ მსგავსი არსებობს რომელიმე ამ მიმართულებით. მინდა გავიმეორო, რაც საპარლამენტო ტრიბუნიდან აღვნიშნე, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის მართლაც რომ სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობას. აქედან გამომდინარე, ჩვენი რეფორმები პირველ რიგში, სწორედ აქეთ უნდა იყოს ფოკუსირებული. აქედან გამომდინარე, მე მაქვს ძალიან ოპტიმისტური და პოზიტიური მოლოდინები, რომ ის რეფორმათა პაკეტი, რომელიც გულისხმობს სასამართლო სისტემაში ახალი რეფორმების გატარებას, ამ ძალიან მნიშვნელოვანი მისიისა და მიზნის მიღწევას უზრუნველყოფს", – განაცხადა პრემიერმა.

















