„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ წევრების საჩხერის მოსახლეობასთან გამართულ დღევანდელ შეხვედრაზე არასამთავრობო
ორგანიზაცია „ჩემი საქართველოს“ თავმჯდომარე ვალერი გელბახიანი მივიდა და მათ მხარდაჭერა გამოუცხადა.
როგორც „ნიუსპრესს“ „ქრისტიან-დემოკრატებიდან“ აცნობეს, საჩხერეში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე მოძრაობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა რომ მან საჩხერლებისთვის მიცემული პირობა შეასრულა და გელბახიანის საქართველოში დასაბრუნებლად ყველაფერი გააკეთა.
თარგამაძის თქმითვე, წინა შეხვედრებზე საჩხერლები გელბახიანის ბედით იყვნენ დაინტრესებულნი და მას ამ საკითხში დახმარებას სთხოვდნენ.
შეხვედრაზე თარგამაძემ ყურადღებაპარტიის პრიორიტეტებზე გაამახვილა და განათლებაზე, დასაქმებაზე, სოფლის მეურნებასა და სხვა საკითხებზე ისაუბრა.
მისი თქმით, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ქართულ სოფელში ახალი ტექნოლოგიები უნდა შემოვიდეს, რომელიც მოსავლის დროულად აღებას, შენახვასა და შემდგომ მის რეალიზაციას უზრუნველყოფს.
"ჩვენი სხვებისგან განმასხვავებელი ფაქტორი არის ის, რომ ჩვენ ავაშენეთ პოლიტიკური პარტია რომელიც სხვათა დინებას არ მიჰყვება, წონასწორობას არ კარგავს და ერთდღიან ხეირს ან სარგებელს არ ეძებს“ - განაცხადა თარგამაძემ.
მისივე თქმით, „ქრისტიან-დემოკრატების“ პროგრამა გაჩერებული ქართული ეკონომიკური ძრავის აღდგენის გასაღებია და ის საქართველოს ყველა მოქალაქეზეა ორიენტირებული.

















