პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ჟურნალისტებისადმი
მიმართვას, რომ მათ ტვინი უნდა გაანძრიონ, "საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში" ეხმაურებიან.
"საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის" დირექტორის, ნატა ძველიშვილის განცხადებით, შესაძლოა ესა თუ ის კითხვა მიუღებელი, მომაბეზრებელი იყოს პოლიტიკოსისათვის, მაგრამ პრეზიდენტობის კანდიდატი ვალდებულია, ჟურნალისტების მიერ დასმულ ყველა კითხვას უპასუხოს.
"საპრეზიდენტო კანდიდატის მიმართ არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი, შესაბამისად, ისინი ვალდებულნი არიან, უპასუხონ ჟურნალისტების ყველა კითხვას, მიუხედავად იმისა, იქნება მათთვის ეს მომაბეზრებელი, მიუღებელი, უხერხული თუ ა.შ. ამგვარი რეპლიკა მით უმეტეს მიუღებელია ადამიანისგან, რომელიც არის მოქმედი დეპუტატი. თუკი დავინახავთ, რომ ეს საკითხი გააქტიურდა და კიდევ უფრო გაძლიერდა ჟურნალისტების მიმართ ასეთი არაეთიკური გამონათქვამები და ამგვარი დამოკიდებულება, შესაძლებელია, რომ ვიფიქროთ განცხადების გამოქვეყნებაზე,"- განაცხადა ნატა ძველიშვილმა.
შეგახსენებთ, პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს კითხვაზე, გამარჯვების შემთხვევაში, შევიდოდა თუ არა ის ავლაბრის რეზიდენციაში, მკვახედ უპასუხა, რომ ამაზე უკვე ნათქვამი ჰქონდა და ტვინი გაენძრიათ.

















