პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით,
გამარჯვების შემთხვევაში, ქალი პრეზიდენტისთვის სრულიად შესაფერისი ორბელიანების სასახლე იქნება.
მანამდე კი ზურაბიშვილმა კითხვაზე, გამარჯვების შემთხვევაში, შევიდოდა თუ არა ის ავლაბრის რეზიდენციაში, ჟურნალისტებს მკვახედ უპასუხა, რომ ამაზე უკვე ნათქვამი ჰქონდა და ტვინი გაენძრიათ.
"უკვე არის ნათქვამი და ცოტა ჟურნალისტებმა ტვინიც გაანძრიეთ და ჩაიხედეთ, სად არის ნათქვამი. მე ვთქვი, რომ ჩემთვის არის სრულიად შესატყვისი იმ ახალი პრეზიდენტისთვის, ქალი პრეზიდენტისთვის ის ორბელიანების სასახლე, რომელსაც აქვს სხვა დატვირთვა ჩემთვის. მე ძალიან კომფორტაბელურად ვგრძნობ თავს ასეთი ტიპის სასახლეში, მეორე ისიც ვთქვი, რომ მე ჩემს სახლში ვიცხოვრებ, ჩემი სახლიდან ფეხით ვივლი და ესეც არის ახალი ფორმა პრეზიდენტობის. მზად ვარ, რომ ყველაფერი გავიმეოროთ, მაგრამ ისიც მართალია, რომ ნათქვამია,"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

















