პარტია „ახალი მემარჯვენეების“ წარმომადგენლებმა დღეს ქვეყანაში მონოპოლიების არსებობა ოზურგეთში გააპროტესტეს.
როგორც „ნიუსპრესს“ „ახალი მემარჯვენეებიდან“ აცნობეს, პარტიის ლიდერმა დავით გამყრელიძემ, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლევან კალანდაძემ და სხვა კანდიდატებმა „ახალი მემარჯვენეების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებთან ერთად ოზურგეთის ქუჩებში კამპანია - „არა მონოპოლიებს!“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს.
აქციის დროს მათ მონოპოლიების შესახებ საინფორმაციო ბუკლეტები დაარიგეს და ადგილობრივებს გაესაუბრნენ.
როგორც აქციის მსვლელობისას ლევან კალანდაძემ აღნიშნა, აქციის მთავარი მიზანი ქვეყანაში საწვავის, მედიკამენტების, სურსათის სიძვირის გაპროტესტება იყო.
„ამას ყველაფერს ის ფაქტი განაპირობებს, რომ საქართველოში ყველა სფერო მონოპოლიზებულია. ხელისუფლება მონოპოლისტებს ხელს უწყობს და ამით ყველა სახის პროდუქტზე ფასებს აძვირებს რითაც ზრდის საკუთარ პარტიულ შემოსავლებს“ - განაცხადა კალანდაძემ.
მისივე თქმით, ოქტომბრის არჩევნებზე „ახალი მემარჯვენეები“ მოქალაქეთა მხარდაჭერით მონოპოლიების არსებობას სამუდამოდ დაამთავრებენ.

















