პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი გურამ ოდიშარია და კოალიციის სამგორის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი
ზურაბ აბაშიძე დღეს, ვარკეთილის მეურნეობაში აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდნენ.
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, კოალიციის წევრებმა დევნილებს კოალიციის პროგრამა გააცნეს და მათი ცხოვრების პირობებით დაინტერესდნენ.
როგორც გურამ ოდიშარიამ შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, დევნილები ვარკეთილში 19-20 წელია ცხოვრობენ, თუმცა მათი პრობლემები ისევ მოუგვარებელია.
მისივე თქმით, დევნილებს კვლავ იმის შიში აქვთ, რომ ვინმე მათ საცხოვრებელ ფართებს დაატოვებინებს.
„ხელისუფლების მხრიდან ეს არაადამიანური ურთიერთობა, როგორც წესი ისე ჩამოყალიბდა და ამას განსაკუთრებით აფხაზეთიდან დევნილები გრძნობენ. განწყობა რა თქმა უნდა სევდიანია, რადგან არანაირი უკეთესობა არ არის, მაგრამ ამავე დროს არის იმედიანიც, რადგან ისინი ამ არჩევნებს ყველაზე იმედიანად ელოდებიან“ - განაცხადა ოდიშარიამ.
ზურაბ აბაშიძის თქმით კი, ეს ადამიანები წლების განმავლობაში მხოლოდ დაპირებებს ისმენენ, მათთვის მნიშვნელოვანია ელემენტარული ყურადღებაც კი, რასაც ისინი იმსახურებენ.

















