იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური და უსაფრთხოების საქმეთა გენერალური დირექტორი სანდრო დე ბერნარდინი საქართველოში
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ეწვია.
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ვებ-გვერდის ინფორმაციით, ბერნარდინი საქართველოში მისიის ხელმძღვანელის ანჟეი ტიშკევიჩისა და ელჩის ჯერარდ ფიშერის მოწვევით იმყოფება.
საერთო ვითარების გაცნობის შემდეგ, მხარეებმა რეგიონში მიმდინარე უახლესი გამოწვევების შესახებ ისაუბრეს, ასევე, ბერნარდინმა ყველაზე დიდი დაინტერესება კონფლიქტის მხარეებს შორის ნდობის აღდგენის მიმართ გამოხატა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ადმინისტრაციულ საზღვართან სტაბილურობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს.
ვებ-გვერდის ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ კონფლიქტის რეგიონში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უზრუნველყოფისთვის დაახლოებით 29 000 პატრულირება და მონიტორინგი განახორციელა, რათა საომარი მოქმედებების საშიშროება აღარ გაჩნდეს.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ კონფლიქტის მხარეებმა კონფლიქტის მოსაგვარებლად და გასანეიტრალებლად ერთმანეთთან დიალოგი უნდა აწარმოონ, წინააღმდეგ შემთხევაში, შესაძლოა მდგომარეობა კიდევ უფრო დაიძაბოს.
ასევე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას არ შეუძლია კონფლიქტურ რეგიონებში მოსახლეობის დაბრუნება უზრუნველყოს, თუმცა თავისი ფართო შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ხშირ შემთხვევაში შეუძლია ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების განსაზღვრა.
მათ მიერ მოპოვებული ინფორმაცია ხელისუფლებას, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ევროკავშირს გადაეგზავნება, რომლებიც ადგილობრივებისთვის მატერიალური დახმარების გაწევას შეძლებენ.

















