კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მიერ მოსახლეობის დასახმარებლად თანხების გამოყოფა საარჩევნო პერიოდს არ უკავშირდება.
ამის შესახებ დღეს პრესკონფერენციაზე კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ივანიშვილი სახელმწიფოს ფინანსურ დახმარებას წლების განმავლობაში უწევდა და მის მიერ გაღებული სახსრები სხვადასხვა დროს სტიქიით დაზარალებულ ოჯახებსაც უნდა მოხმარებოდა.
„და თუ ხელისუფლება ამას არ აკეთებდა ეს მისი პასუხისმგბლობაა და არა ივანიშვილის. მისი გუნდის წევრებმაც კი, ბოლომდე არ ვიცით იმ დახმარების მოცულობის შესახებ, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ქართულ სახელმწიფოს გაუწია“ - აღნიშნა ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით, კოალიციის ლიდერის მიერ გადარიცხული თანხები, რომ მიზნობრივად დაიხარჯოს აუცილებელია საზოგადოებრივი მონიტორინგი.
„კოალიცია ვითარების შესაბამისად გადაწყვეტს ამ თანხების მიზნობრივ ხარჯვაზე განახორციელოს თუ არა მონიტორინგი“ - აღნიშნა ფანჯიკიძემ.
სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად, საბიუჯეტო ანგარიშზე ბიძინა ივანიშვილი 10 მლნ ლარს ჩარიცხავს. აღნიშნულის თაობაზე ივანიშვილის განცხადება ჟურნალისტებს კოალიციის პრესსპიკერმა გააცნო
„შექმნილ ვითარებაში მივიღე გადაწყვეტილება და ამ ეტაპზე 10 მილიონ ლარს ვრიცხავ სასამართლოს მიერ მითითებულ საბიუჯეტო ანგარიშზე. სტიქიით მიყენებული ზარალის სრულად დათვლის შემდეგ, სახელმწიფო ბიუჯეტში ამავე მექანიზმის გამოყენებით, გადავრიცხავ იმდენ თანხას, რამდენიც საჭირო გახდება“ - აღნიშნულია განცხადებაში.

















